ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მთავარი პროკურატურის მიერ, სექსუალური უმცირესობების ამსახველი ფარული კადრების და უმცირესობის წარმომადგენელი მამაკაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები იცავენ ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
"ლგბტ პირების სექსუალური ურთიერთობების საფუძველზე ადამიანების შანტაჟი არის სასტიკი დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს, რაც გამოიხატება გამოძიების ჩატარებასა და დამნაშავე პირების დასჯაში. თუმცა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ამგვარი ვიდეოკადრების გამოქვეყნება საჭიროებას არ წარმოადგენს და უფრო მეტიც, აღნიშნული კიდევ უფრო აზარალებს ლგბტ საზოგადოებას.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა ვიდეომასალები იძლეოდეს იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რაც პირადი ცხოვრების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს. გარდა ამისა, ისეთი ვიდეომასალების გავრცელება, რომელიც სექსუალური უმცირესობების ურთიერთობებს ასახავს, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" განცხადებითვე, სახელმწიფო ვალდებულია ყველანაირი ზომა მიიღოს იმისათვის, რომ აღმოფხვრას დისკრიმინაციული მოპყრობა ლგბტ პირების მიმართ და უჩვენოს საზოგადოებას, რომ ის პატივს სცემს და იცავს თანასწორობის პრინციპს.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ გამოძიება ჩაატაროს ეფექტურად და მისი განხორციელების პროცესში დაიცვას ლგბტ პირების უფლებები და თავისუფლებები.