საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, რომ ,,დღეს ძალიან მოდაშია ,,ნაციონალური მოძრაობის” და ჩემი ლანძღვა, მაგრამ ის, რომ დღეს არის დენი, თქვენ არ გართმევენ ქრთამს, არ გძალავენ 2 და 3 ლარს , არ არიან ქურდები და ქართული ოჯახების ერთადერთი საჭმელი არ არის კარტოფილი და პური - გავაკეთეთ მე და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”.
მისივე განმარტებით, ეს არის არა ვირტუალური საქართველო, არამედ სიმართლე, რითაც ძალიან ამაყობს.
,,ერთი პრობლემაა, უშუქობას, კრიმინალს, ქურდებს, კორუფციას ჰქონდა სახელები და გვარები და ეს სახელები და გვარები ცოცხლები არიან. მათი ძირითადი ნაწილი დაბრუნდა კაბინეტებში და მეტიც, მათ გადაწყვიტეს ქუთაისს წაართვან პარლამენტი”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების საკითხზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იდეა ქუთაისის მკვლელობისა და ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკაა.
,,თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, არ იქნება უამრავი ტურისტული ობიექტი და ათიათასობით სამუშაო ადგილი - ქუთაისის აეროპორტი ვერ განვითარდება, რომელიც გვსურდა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ევროპის უდიდესი აეროპორტი ყოფილიყო. ისინი ამბობენ, ,,ჩვენ ვბრუნდებით სახლშიო”. საქართველოს მმართველების სახლი მხოლოდ თბილისის ერთი კვარტალი შეიძლება იყოს? თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, ქუთაისი იქნება მკვდარი ქალაქი. მკვდარი ქუთაისი კი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს. ცოცხალი ქუთაისი აცოცხლებს დასავლეთ საქართველოს. პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ესაა ქუთაისის მკვლელობის და ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა", - აღნიშნა სააკაშვილმა.