,,საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია.
,,სამწუხაროდ, საქართველოში დაიწყო საბიუჯეტო კრიზისი რაც გამოწვეულია საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით. საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის შემცირებაში. საქართველოში შემცირდა წარმოება და ვაჭრობა. ამავე დროს საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალის ოდენობა. დღეს საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ დიდი ვალი დაუგროვდათ. ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით მთავრობამ აღადგინა ძველი 2003-წლამდე შევარდნაძის ეპოქაში არსებული ძველი პრაქტიკა_ გადასახადების წინასწარ გადახდა ანუ კომპანიებს დეკემბერში გადაახდევინეს იანვარში გადასახდელი გადასახადი, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს", -განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო კრიზისი სამი ფაქტორითაა განპირობებული.
"პირველი ეს არის ბიზნესის შევიწროება. მიმდინარეობს ყოველდღიური მასობრივი შემოწმება ბიზნესების როგორც საგადასახადო ინსპექციის, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურისა და რაც ყველაზე საგანგაშოა შსს მიერ. მეორე_ შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც უმუშევრობის ზრდა უკვე გამოიწვია და მესამე- რაც ყველაზე მთავარია მთავრობას არ გააჩნია ერთიანი, მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა", -განაცხადა ჟურნალისტებთან მერაბიშვილმა.