საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ყველა რაიონში ნოტარიუსის დანიშვნის აუცილებლობაზე მესტიაში სტუმრობისას ისაუბრა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სვანეთში დღემდე არ არის ნოტარიუსი, რაც ადგილობრივებს სანოტარო მომსახურების მისაღებად სხვა რაიონში გამგზავრებას აიძულებს.
,,მესტიას ათი წელია, ნოტარიუსი არ ჰყავს. ჩვენ წელს დავისახეთ მიზნად ყველა იმ რაიონში, სადაც ამ დრომდე ნოტარიუსი არ არის, აუცილებლად წარვგზავნოთ. შესაძლოა, დაგვჭირდეს გარკვეული შეღავათების დაწესება მაღალმთიანი და ნაკლებადშემოსავლიანი რაიონებისთვის, რათა ნოტარიუსებს გავუჩინოთ აქ მუშაობის სურვილი და მოტივაცია”,- განაცხადა წულუკიანმა.
ნოტარიუსების პრობლემის გარდა, მინისტრმა მესტიაში აღმასრულებლის არსებობის საჭიროებაზე, პროკურორის ოფისის გაძლიერების აუცილებლობასა და სხვა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში რაიონის ხელშეწყობისთვის გაატარებს.
,,თუ ხალხი აქედან იმის გამო წავიდა, რომ ელემენტარული პრობლემების მოგვარება და ადგილზე ყველა აუცილებელი მომსახურების გაწევა ვერ შევძელით, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეექმნება. სვანეთი უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი და ამისთვის იუსტიციის სამინისტრო ყველა იმ აუცილებელ ღონისძიებას გაატარებს, რომელიც მის კომპეტენციაში შედის”, - განაცხადა წულუკიანმა.