მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსის მეგის ქარდავას ახალი ბრალი წარედგინება, -ამის შესახებ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
,,ლოგიკურია, რომ მეგის ქარდავას დამატებითი ბრალი წარედგინება იმ ეპიზოდზე, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოგვაწოდა, რომელმაც შანტაჟის წერილი მიიღო მოთხოვნით, რომ გარკვეული თანხა გადაეხადა და თუ ამ თანხას არ გადაიხდიდა მაშინ მის შესახებ შესაბამისი მასალა გავრცელდებოდა", -განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ საღამოს ვიდეომასალა გაავრცელა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნილ მამაკაცებზე. ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი ცხოვრების პირადი ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც კომპრომაციის მუქარით მათ აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ ფარულ თანამშრომლობას.
აასევე მეგის ქარდავასთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. როგორც ქარდავას ადვოკატი განმარტავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს.