პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირები ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ.
უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, საკუთარ მოთხოვნებს ისინი დღეს, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმთან დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებენ, სადაც ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.
,,პოლიტპატიმრები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ. 1. ვინაიდან ქვეყანაში ამდენი პოლიტიკური პატიმარია, პარლამენტმა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. 2. 13 იანვარი გამოცხადდეს პოლიტპატიმართა დღედ. 3. საბჭოთა ოკუპაციის მუზემს სახელი შეეცვალოს და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაერქვას. 4. აეხსნას გრიფი "საიდუმლო" მათ საქმეებს და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. 5. თითოეული მათგანის საქმეზე ჩატარდეს ობიექტური გამოძიება”, - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე განმარტებით, განცხადებას, რომელსაც პოლიტპატიმრები დღეს გაავრცელებენ, ხელმოწერით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე ყველა -190-ვე პირი უერთდება.
ამასთან, კაკაბაძის ცნობით, დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაში მონაწილეობას ის უფლებადამცველებიც მიიღებენ, რომლებიც პოლიტიკური პატიმრობის კრიტერიუმების დადგენაში და პოლიტპატიმართა სიის შედგენაში იყვნენ ჩართულები.
პრესკონფერენცია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმთან 12:00 საათზე დაიწყება.