პარლამენტში ინიცირებულ ორ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, შექმნილი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიები პირველ გასვლით სხდომას დღეს, ზუგდიდში გამართავენ.
როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, 22 იანვრიდან ყოველდღიურად, სხვადასხვა ადგილას კომისიების სხდომა გაიმართება, თუმცა, შესაძლოა, გრაფიკში გარკვეული კორექტივები შევიდეს.
17 იანვარს სხდომა ქუთაისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გასულ წელს მოხდა. ერთ-ერთი პროექტი კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. ხოლო მეორე ცვლილებით, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.