ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ცვლილებების ინიცირება კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები მიმდინარე წლიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიცმსაჯულების მონაწილეობით იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
კერძოდ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებს და მათთან ერთად დანაშულის ჩამდენ პირებს ეხებათ.
ამასთან, კანონპროექტით, „თანამდებობის პირებში“ იგულისხმება ყველა რანგის სახელმწიფო მოხელე - პრეზიდენტით დაწყებული ადგილობრივი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებით დასრულებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი „სისხლის სამართლის საპროცესო“ კოდექსით, ნაფიცმსაჯულთა განსჯად სფეროებს განზრახ მკვლელობებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წარმოადგენს. ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ისეთ საქმეებზე შეიძლება გამოიტანონ, როგორიცაა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (სსკ-ის 109-ე მუხლი), მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (სსკ-ის 110-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (სსკ-ის 111-ე მუხლი), დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 112-ე მუხლი), მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (სსკ-ის 113-ე მუხლი) და მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (სსკ-ის 114-ე მუხლი).