სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დღის განმავლობაში სასამართლოებს 3 615 მსჯავრდებულის საქმე გადაუგზავნა .
600-მდე პატიმრის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მიქანაძემ პირადად გადასცა.
"2013 წლის 14 იანვარს, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ დაიწყო მსჯავრდებულთა საქმეების გადაგზავნა სასამართლოებში.
სასამართლოების თხოვნით და მათთანვე შეთანხმებით საქმეების გადაგზავნა ეტაპობრივად მოხდება. სულ, ქვეყნის მასშტაბით, განსახილველია 18500-მდე მსჯავრდებულის საქმე. პირველ ეტაპზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ მიქანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს პირადად გადასცა 600-მდე მსჯავრდებულის საქმე. ა/წ 14 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სასამართლოებისთვის გადაცემულია 3615 მსჯავრდებულის საქმე", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, სამინისტროს მხრიდან მსჯავრდებულთა საქმეების გადაცემის პროცესი, კანონით დადგენილ ვადაზე (ორი კვირა) ადრე, 4-5 დღეში დასრულდება.
"ორი თვის განმავლობაში სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეცნობება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდება მათი აღსრულება", - განმარტავენ სამინისტროში.
ამასთან, სოზარ სუბარის უწყების ცნობით, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმეების გადაგზავნა სასამართლოებში პრობაციის ეროვნულმა სააგენტომაც დაიწყო.
"14 იანვარს გადაიგზავნა 6354 პრობაციონერის საქმე. პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სასამართლოსთან, რათა კანონით დადგენილ ვადებში მოხდეს საქმეების გადაგზავნა და შესაბამისი გადაწყვეტილებების გამოტანა", - აცხადებენ უწყებაში.