შსს პრეზიდენტს  პოლიციის თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ  მოუწოდებს

შსს პრეზიდენტს პოლიციის თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

შსს პრეზიდენტს სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის უწყება  პრეზიდენტს მოუწოდებს, სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს.

,,პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ დღემდე პატრულის მიერ ქრთამის აღების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ თუ კი რაიმე მსგავსი ფაქტი იქნება დაფიქსირებული, დაუყონებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომრებზე - 241 88 24, 241 88 81 და პირადად მინისტრს. მინისტრის ბრძანებით, იანვრის ბოლოს ცხელი ხაზი ამოქმედდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება, 24 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად მიაწოდოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები პოლიციისა და მთლიანად, სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. აქვე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს არც ერთი რაიონის პოლიციის უფროსად თანამშრომელი ზედმეტსახელად ,,ყულაბა” არ დანიშნულა”, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ,,სამწუხაროდ, პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა”.

,,თქვენ იცით, რომ წარსულის ძალიან ბევრი კადრი, გასვრილი კონტრაბანდასა და კორუფციაში, მათ შორის სიგარეტის, ჯართის, კონტრაბანდაში და ა.შ. დაბრუნდა თანამდებობებზე, მათ შორის სამართალდამცველ ტრუქტურებში. მაგალითად, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძის დროინდელი კადრი, რომელსაც მეტსახელად ,,ყულაბას” ეძახდნენ. აქ დაბრუნდა ხალხი, რომელთაც თავის დროზე ფული ჰქონდათ გადახდილი თანამდებობებზე დანიშვნისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, გაიყარნენ, მაგრამ ახლა მასობრივად დაბრუნდნენ უკან. სამწუხაროდ, პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა და ეს ყველაფერი  იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა შეჩერებულია. ჩვენ სამეგრელოს განვითარებისთვის ძალიან გრანდიოზული გეგმები გვქონდა და ეს ყველაფერი შეჩერებულია. შეჩერებულია ასევე,  დიდი პორტის მშენებლობა, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ პირობებში კი ხდება წარსულის რესტავრაცია”, - განაცხადა სააკაშვილმა.