პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში შეუძლია. ამის შესახებ კობახიძემ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მანანა კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ითხოვს პრემიერს და მთავრობას, შემდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად და თუკი პარლამენტი მთავრობას ნდობას არ უცხადებს, ამის შემდეგ დგება ალტერნატივა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს. დღეს მოქმედ კონსტიტუციაში არის დათქმა, რომ თუ ასეთი შემთხვევა საპარლამენტო არჩევნებიდან ექვს თვეში, ან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვის განმავლობაში დადგა, პრეზიდენტი ამ უფლებას ვერ გამოიყენებს.
„თუ ხვალ-ზეგ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ დაითხოვოს მთავრობა, ხოლო პარლამენტი ისეთ რეჟიმში აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დასახელებულ პრემიერს და მთავრობას არ ამტკიცებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ექვსთვიანი ვადა უკვე აღარ იქნება, თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას მიიღებს. მაგრამ ამის საპირწონედ ვთავაზობთ ასეთ ცვლილებას, რომ პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს პრემიერის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება. შესაბამისად, და თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტს, მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობით აღჭურვილია (და მიგვაჩნია, რომ დღეს მოქმედი მთავრობა სწორედ ხალხის ნდობით არის აღჭურვილი) დაითხოვოს და ჩვენ არ ვნიშნავთ ახალ პრემიერს, ახალ მთავრობას და ამის გამო ითხოვს პრეზიდენტი პარლამენტს, მაშინ, თუკი ეს ცვლილებები შევა ძალაში, რეალობა გვექნება ისეთი, რომ საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მთავრობის პირობებში ჩატარდეს და ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა განახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მანამ, ვიდრე ახალი პარლამენტი არ იქნება არჩეული“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთი საკანონმდებლო ცვლილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ემსახურება, რადგან ერთის მხრივ, პარლამენტი იზღუდავს თავს, როდესაც ამ ვადებზე უარს ამბობს, ხოლო მეორეს მხრივ, პრეზიდენტიც იზღუდება. ამასთანავე კობახიძე განმარტავს, რომ ეს ცვლილებები 2013 წლის ოქტომბრამდე იმოქმედებს, რადგან კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მთავრობის როლის გაზრდას და პრაქტიკულად საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ქვეყნის გადასვლას ეხება, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ამ დრომდე, როდესაც პოლიტიკური კრიზისის საშიშროება არსებობს, მმართველი გუნდი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით კრიზისის დაძლევას ცდილობს.