თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოიქრუაშვილის სასამართლო პროცესი „ჯეოსელის“ ეპიზოდზე დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარე - პროკურატურა ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნას გეგმავს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი „ჯეოსელის“ საქმეზე ბრალდებისგან თავისუფლდება.
პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ჯეოსელის“ ეპიზოდში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.
„ეს ეპიზოდი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც „ჯეოსელის“ აქციების უკანონოდ დაუფლების ფაქტი. აქ ბრალდების ძირითად და ერთადერთ პირდაპირ მოწმეს წარმოადგენდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც უარყო ადრე მიცემული ჩვენებები. დიმიტრი ქიტოშვილმა განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ იძულებით მისცა ჩვენება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის ამოწურულია. ამ საქმეშიც პრაქტიკულად აღარ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად პროკურატურა გეგმავს უარი თქვას ბრალდებაზე ხსენებულ საქმეში“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, ოქრუაშვილს საპატიმრო აღმკივეთი ღონისძიება დღეს სავარაუდოდ კიდევ ერთ საქმეზე - უკანონო ფორმირების შექმნის საქმეზე გირაოთი შეეცვლება.
დღეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესია ჩანიშნული, სადაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა მიიღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული მისი ბიძაშვილის, იოსებ გიგუაშვილის გირაოთი გათავისუფდლების თაობაზე.
პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, აღნიშნულ ორ პირს 10 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალოთ, ხოლო დაცვის მხარე, ანუ ოქრუაშვილის და გიგუაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, რომ გირაოს თანხა 2 ათასი ლარით განისაზღვროს.
პროკურატურამ შუამდგომლობაში გირაოს თანხის გადახდის ვადად 30 დღე განსასზღვრა.
როგორც გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარემ განმარტა, გირაოთი გათავისუფლება პროკურატურამ გუშინდელ პროცესზე, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მიიღო.
გუშინ გამართული პროცესის განმავლობაში, სასამართლომ ცხრა პირი დაკითხა, საიდანაც რვამ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები ზეწოლის ქვეშ აქვთ მიცემული.