საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი პარიზში, იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინის შეხვდნენ.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაგრატის საკითხიც განიხილეს და იუნესკოში აღინიშნა, რომ ბაგრატის განახლების პროექტი მათთან შეთანხმებული არ იყო. ასევე, არ იქნა დაცული რეკონსტრუქციის კრიტერიუმები, რაც ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოვარდნას გამოიწვევს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე ბანდარინიმ აღნიშნა, რომ ძეგლის ავთენტურობა დაირღვა და როგორც თვითმყოფადი ნიმუში, ის ნუსხაში ვეღარ დარჩება.
ფრანჩესკო ბანდარინი ქართულ მხარეს ერთგვარი კომპორმისული ფორმის მოძიებას სთავაზობს.
მარინე მიზანდარის განმარტებით, შესაძლოა გელათის ნომინაციაში ახალი საზღვრების დადგენა მოხდეს, სადაც აქცენტი უდაოდ გელათზე გადავა, ხოლო ბაგრატი დიდი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა მის არეალში მოექცეს, იგულისხმება არა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ ისტორიულ-მხატვრული ღირებულებები და სხვა უამრავი საკითხი, რითაც საქართველო ბაგრატის დაცვას შეძლებს (რისთვისაც ძალიან საფუძვლიანი დასაბუთება, მტკიცებულება იქნება საჭირო).
ოდიშარიას თქმით, ქართული მხარე ახალი დოკუმენტაციის მომზადებას შეეცდება, რომელსაც 1-ელ თებერვალს, იუნესკოს კომიტეტის სესიაზე წარადგენს.
ამას გარდა, ოდიშარიამ და მიზანდარმა შეხვედრა იკომოსში (იკომოსი-ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭო) გამართეს და ქართული მხარის წარმომადგენლები იკომოსის მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის დირექტორმა რეგინა დურიგელომ მიიღო. იკომოსშიც აქცენტი ბაგრატსა და მცხეთის ძეგლებზე გაკეთდა, საუბარი ასევე, შეეხო მომავალ თანამშრომლობასაც.
ამასთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და მოადგილე 9 იანვარს ტელეკომპანია „არტეს“ გენერალურ დირექტორსა და საერთაშორისო პროგრამების დირექტორს შეხვდნენ, სადაც საქართველოში ფრანგულ-გერმანული არხის არტეს ტიპის კულტურულ-შემეცნებითი არხის ამოქმედებაზე ისაუბრეს.