სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ძალიან ობიექტური სისტემაა შექმნილი და დიდი ინტერესით დაელოდება, როგორ განვითარდება ეს ინსტიტუტი.
"თქვენ იცით, რომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ძალიან ობიექტური სისტემაა შექმნილი. იმედია, ეს სისტემა კარგად განვითარდება და ამას მე დიდი ინტერესით დაველოდები. სასამართლოს ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი შეიძლება ჰქონდეს. პირიქით, ჩვენ ყველას გარანტიას ვაძლევთ, რომ ორგანიზებულად მოხდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და პროცესის წარმართვა. როგორი ვერდიქტი იქნება გამოტანილი, ეს უკვე პრიკურორის და ადვოკატის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად დაარწმუნებენ ისინი 12 მოქალაქეს თავიანთი პოზიციის სისწორესა და დასაბუთებულობაში", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა.
პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებს დაემატება მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები ეხება:
"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ეკავათ ან უკავიათ შესაბამისი თანამდებობა;
იმ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ზემოაღნიშნულ პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.
კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერება და, აგრეთვე, მაღალი თანამდებობის პირთათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დემოკრატიული ინსტიტუტით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფა, რადგან, როგორც ცნობილია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტს საზოგადოება მეტად ენდობა.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს უკვე წარედგინა.