რის სანაცვლოდ წარადგენს პრეზიდენტი ელჩობის კანდიდატებს?

რის სანაცვლოდ წარადგენს პრეზიდენტი ელჩობის კანდიდატებს?

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთი ნაწილის საკუთარ დაქვემდებარებაში დარჩენის  სანაცვლოდ, პარლამენტს ელჩობის კანდიდატებს წარუდგენს.

ელჩების გამოწვევის საკითხზე მმართველ გუნდსა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ „პოლტიკურ ვაჭრობას“ რომ ჰქონდა ადგილი, ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, პარლამენტში სტუმრობისას, from.ge-ს კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ელჩების დანიშვნის სანაცვლოდ, რამდენიმე დაპატიმრებული პირის გათავისუფლებას ითხოვდა, რასაც მთავრობა არ დაეთანხმა.

როგორც From.ge-ს კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება შედგა. კერძოდ, პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის სანაცვლოდ, ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა და მის დაქვემდებარებაში დაცვის სამსახურის ის ნაწილი დარჩა, რომელიც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურაში შევა და მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 28 დეკემბერს დაამტკიცა. ირინე იმერლიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებებით, თავდაპირველად, ეს სამსახური სრულად მთავრობის კომპეტენციაში  გადადიოდა, თუმცა, კულუარულად პრეზიდენტთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომ ერთი ნაწილი მის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო. მოლაპარაკებების პროცესი პრეზიდენტმა მაშინ ჩაშალა, როცა ერთ-ერთი გამოსვლისას იმაზე ისაუბრა, რომ „დაცვის გარეშე ტოვებდნენ“ და ა.შ. ქვეყნის პირველი პირის განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და ის დეტალები გაახმაურა, რომელიც მოლაპარაკებების დროს შეჯერდა. კერძოდ, სპიკერის განცხადებით, მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ პრეზიდენტი მისი დაცვის უზრუნველყოფისთვის ყოველდღიურად 50 ათას ლარს ითხოვდა, რასაც მთავრობა არ ეთანხმებოდა და სანაცვლოდ 20 ათას ლარს სთავაზობდა.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო ქვეყნის პირველი პირი  დაქვემდებარებაში დაცვის სამსახურის ის ნაწილი დარჩა, რომელიც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურაში შევა და მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს,  ამ საკითხს  სპეციალური კომისია გადაწყვეტს, რომელიც ამ საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნება. ეს კომისია იმსჯელებს ასევე კომპეტენციების გამიჯვნაზე პრეზიდენტისა და მთავრობის დაცვის დაგეგმილ ორ სამსახურს შორის, რომლის ხელმძღვანელებსაც, შესაბამისად პრეზიდენტი და პრემიერი  დანიშნავენ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი 50 მლნ ლარითა დაფინანსებული და უწყებას  მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების დაცვა ევალება.

ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება კი, კონსტიტუციით პრეზიდენტის პრეროგატივაა და არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში პარლამენტს მთავრობის მიერ შერჩეულ რამდენიმე ელჩობის კანდიდატს წარუდგენს.