პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ამის შესახებ from.ge-ს კომისიის მომავალმა ხელმძღვანელმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას თავისი დრო აქვს და როცა, ეს მომენტი მოვა, ეს კომისია იქნება.
„თუმცა, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნადრევია“, - დასძენს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ძველი მთავრობის მაღალჩინოსნების „სამართალდარვევების“ შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიები კომისია შეიქმნებოდა. ამ კომისიის ხელმძღვანელად კი ხიდაშელი მოიაზრებოდა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად იქმნება. ამასთან, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია - სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს უქმნის საფრთხეს. საგამოძიებო კომისია შეიძლება საბიუჯეტო თანხების არამართლზომიერი ხარჯვის თაობაზეც ჩამოყალიბდეს.