პროკურატურამ

პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ყრილობის დაფინანსებაზე მონიტორინგის სამსახურს საქმის მასალების ასლები გადაუგზავნა

მთავარმა პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს 11 ქალაქში სექტემბერში გამართული პარტიული ყრილობის "შავი არხით" დაფინანსებასთან დაკავშირებით ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები გადაუგზავნა.
აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  from.ge უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2013 წლის 8 იანვარს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები გადაუგზავნა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 8 სექტემბერს, ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. 
ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად, პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, შესაბამისი ხელშეკრულებებით, დაიქირავა ე.წ. "ყვითელი მიკროავტობუსები"-ს კომპანიები. რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39 900 ლარი. რადგან მიკრო ავტობუსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების "შავი არხით" დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის - ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრხოების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ქარდავას ორგანიზებით, 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ალექსანდრე ქობალიას. ქობალიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განკუთვნილი დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები - გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლს.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები - 120 000 ლარი ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძემ გადაიხადა და პარტიის სასარგებლოდ განხორციელა უკანონო შემოწირულობა.
რადგანაც გამოძიების პროცესში გამოიკვეთა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები გადაიგზავნა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემედგ ფაქტებზე:
1. 2012 წლის 6 სექტემბერს ნ. ძიმცეიშვილის მიერ გადაცემული 54 ტონა დიზელის საწვავის ტალონები ღირებული 126. 900 ლარად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" , რაც შესაძლოა, აღმოჩნდეს უკანონო შემოწირულობა.
2. 2012 წლის 22 სექტემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ კომპანია "თბილისის მიკოავტობუსისთვის" გადაცემული 120.000 ლარი ნაღდი ფული, რაც ასევე შესაძლოა, ჩაითვალოს უკანონო შემოწირულობად.
3. 2012 წლის 28 სექმტემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ კომპანია "თბილისის მიკოავტობუსისთვის" გადაცემული 56.000 ლარი ნაღდი ფული, რაც ასევე შესაძლოა, ჩაითვალოს უკანონო შემოწირულობად.
ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება, უკანონო შემოწირულობად ჩაითვალოს , რადგან იურიდიულ პირს შემოწირულობის გაცემის უფლება არ აქვს, ხოლო კერძო პირი უფლებამოსილია შემოწირულობა გასცეს 60.000 ლარამდე (საქართველოს ორგანული კანონი : "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", თავი-III, მუხლი- 26-ე და 27-ე)", - აღნიშნულია განცხადებაში.