საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორ, ფრანჩესკო ბანდარინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარმა შესაძლოა, ,,იუნესკოს” მფარველობა დაკარგოს.
ტელეკომპანია ,,მაესტროს” ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე, მარინე მიზანდარიც ესწრებოდა.
ოდიშარიას თქმით, ძეგლების რესტავრაციას მეტი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ხშირად მათთვის ფუნქციის დაბრუნება საფრთხეებს უკავშირდება.
,,რესტავრაციის შედეგად ხდება ძეგლის მფარველობის დაკარგვის საფრთხე ,,იუნესკოში”. დაახლოებით რაღაც მსგავსი ხდება ბაგრატის ტაძართან მიმართებაში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან კომიტეტის სხდომა 1-ელ თებერვალს არის დაგეგმილი. არ ვიცი, რამდენად მოვასწრებთ საბუთების მომზადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შენარჩუნდეს ბაგრატი, როგორც ძეგლი. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და ამაზეც ვისაუბრეთ. თუ საბუთების მომზადება ვერ მოვასწარით, ვთხოვთ, ეს საკითხი გადადონ”, - განაცხადა ოდიშარიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით კი, ,,იუნესკოს” მფარველობაში ბაგრატის შესანარჩუნებლად კომპრომისულ ფორმას ეძებენ.
,,გვთავაზობენ, მოიძებნოს კომპრომისული ფორმა ძეგლის სტატუსის შესანარჩუნებლად. ,,იუნესკოს” ექნება მცდელობა, რომ ელეგანტური ფორმით მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც ბაგრატი შესულია არქეოლოგიური ძეგლის სტატუსით. შეეცდებიან, გაკეთდეს ისე, რომ ბაგრატზე მახვილი აღარ დაისვას და ძეგლის სტატუსი გელათმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ იტვირთოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბაგრატიც იქნება მოქცეული. ბაგრატი იქნება როგორც ამ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ძეგლთაგანი და არა როგორც ბაგრატი თავისთავად, რადგან ,,იუნესკოს” ნორმებს დღევანდელი ბაგრატი აღარ შეესაბამება და ის ასეთი სახით კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვეღარ დარჩება”, - განაცახდა მიზანდარმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კი განმარტავს, რომ ბაგრატის ტაძარი ,,იუნესკოს” სიაში აღარ იქნება, როგორც ნანგრევი.
,,წამყვან ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მან მიიღოს და დაიბრუნოს საკადრისი ადგილი, როგორც დასრულებულმა სანიმუშო სარეკონსტრუქციო პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ,,იუნესკოს” ექსპერტები ამბობენ, რომ ის უფრო მდიდარია ნაირგვარი მონაცემებით და ფასეულობით, ვიდრე თავის დროზე სიაში არსებული აღდგენილი ძეგლი”, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.