საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვასთან დაკავშირებით გზებზე არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის მიუხედავად, 12:00 საათის მდგომარეობით, რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვის გარდა საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 37-კმ 72 მონაკვეთში (ტყიბული-ამბროლაური) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
"ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, დიდთოვლობის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა ასევე აკრძალულია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 15-კმ 66 (უჯარმა-თელავი) მონაკვეთშიც, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ შემთხვევაშიც ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველგან თავისუფალია, გარდა თბილისის შემოსავლელი გზის კმ 1-კმ 35 (ზაჰესი-ლოჭინი) მონაკვეთისა, სადაც ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
,,დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - აღნიშნავენ უწყებაში.