საქართველოს პროკურატურა განცხადებს ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, სისხლისამართლებრივი დევნა სამ ეპიზოდზე შეწყდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
,,საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს. საქმეში არსებული მასალების ანალიზის შემდეგ, მთავრი პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოხსენებულ საქმეებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები. მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და 2013 წლის 5 იანვარს ზემოხსენებულ ეპიზოდებზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლსხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა ბრალად. თითქოს ირაკლი ოქრუაშვილმა სამშენებლო ფირმების - ,,ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის" და ,,პრიზას", უპირატესობა მიანიჭა და გააფორმა ხელშეკრულებები სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე. ბრალის მიხედვით, ამ საწარმოებმა შეასრულეს ათობით მილიონი ლარის სამუშაო, საიდანაც კომპანიებმა ასი ათასობით ლარი მიითვისეს.
ასევე, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედებოდა, რომ თვდაცვის მინისტრობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, უპირატესობა მიანიჭა ფირმა "TRANSPORT DEVELOPMENT LTD"-ს, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება 4.000 ტონა საწვავის მიწოდებაზე. ამ შემთხვევაში ფასი მეტი აღმოჩნდა იმავე პერიოდში საქართველოში საწვავის სხვა მომწოდებლის ფასზე, რის გამოც სახელმწიფომ იზარალა 205.500 აშშ დოლარი, მასვე ბრალად ედებოდა თითქოს, 2007 წლის აპრილში, სხვა პირებთან ერთად შეიძინა ქ.თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ფართი, რაშიც გადაიხადა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 1.800.000 აშშ დოლარი და ამ გზით მოახერხა მისი ლეგალიზება. გამოძიებისას დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ორივე შემთხვევაში, ხელს აწერს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ამჟამად ძებნილი იასონ ჩიხლაძე. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მის მიმართ მტკიცებულებები არ მოიპოვება არცერთ ზემოხსენებულ ეპიზოდში.
საყურადღებოა ის გარემოებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გრძელდება სასამართლო განხილვები კიდევ 3 საქმეზე. ერთ-ერთს იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო და ეხება ქრთამის აღებას. ეს ეპიზოდი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ,,ჯეოსელის” აქციების უკანონოდ დაუფლების ფაქტი. აქ ბრალდების ძირითად და ერთადერთ პირდაპირ მოწმეს წარმოადგენდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც უარყო ადრე მიცემული ჩვენებება. დიმიტრი ქიტოშვილმა განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ იძულებით მისცა ცრუ ჩვენება.სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის ამოწურულია, ამ საქმეშიც პრაქტიკულად აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლებიც საფუძვლად დაედო წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს უარი თქვას ბრალდებაზე ხსენებულ საქმეშიც.
რაც შეეხება დანარჩენ 2 საქმეს, რომელსაც იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 სხვადასხვა შემადგენლობა: ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო ფორმირების შექმნა, დაკავშირებული 2011 წლის ცნობილ მოვლენებთან და სამსახურებრივი გულგრილობა, რაც ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ფირმა "მეველ კორპორეიშენის" მეშვეობით 63.000.000 საბრძოლო ვაზნის შეძენას. მთავარი პროკურატურა გულდასმით სწავლობს აღნიშნულ საქმეებს და უახლოეს მომავალში მათთან დაკავშირებითაც მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციებს.
აქვე საგულისხმოა, რომ სასამართლომ 4 იანვარს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. პროკურატურა არის ბრალდების მხარე. მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება მოითხოვოს პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. აღკვეთის ღონისძიებიდან ყველაზე მძიმე ღონისძიებაა პატიმრობა, ხოლო უფრო მსუბუქი გირაო. სასმართლოს უფლება არ აქვს პირს შეუფარდოს პროკურორის მიერ მოთხოვნილზე უფრო მძიმე ღონისძიება. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც ჩვენ ვითხოვდით ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას გირაოთი, არ დააკმაყოფილა და არც დაასაბუთა რატომ. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება არც ქართულ და არც სხვა სამართლებრივი სახელმწიფოს სამართალწარმოებაში. მსგავსი უპრეცედენტოდ უკანონო ქმედება სასმართლოს მხრიდან გვაფიქრებინებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებას, რითაც ის უკვე სასამართლოს პირადი პატიმარი გახდა.
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე 10 იანვარს აპირებს ბრალდებაზე უარის თქმას, რაც თავისთავად გამოწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. გვაქვს იმედი რომ, ეს სასამართლო პროცესი მართლაც 10 იანვარს ჩატარდება და სხვადასხვა მოტივით განუსაზღვრელი დროით არ გადაიდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.