საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პირებისთვის ტელევიზორებით სარგებლობა და ტელეტრანსლაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
„საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია მითითებული, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში, სადაც პატიმრები დღე–ღამეში მინიმუმ 23 საათს საკანში ატარებენ და არ არიან დაკავებულნი არანაირი საქმიანობით, ტელევიზორის არქონა განსაკუთრებით მიუღებელია. სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უზრუნველეყო ტელევიზორით სარგებლობისა და ტელეტრანსლაციის მიღების უფლება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში",- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ნანუაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში დაწესებულებების უმრავლესობაში ზემოაღნიშნული პრობლემა მოგვარდა, თუმცა #7 და #9 დაწესებულებების პატიმრების ნაწილს კვლავ არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ტელევიზორით და უყუროს საინფორმაციო საშუალებებს.
"2012 წლის 21 დეკემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა პატიმარ ბაჩანა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი არაერთი მიმართვისა, ბ.ახალაიას არ აქვს შესაძლებლობა, იქონიოს ტელევიზორი ინფორმაციის მიღების მიზნით. 2012 წლის 27 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ #9 დაწესებულებაში. ვიზიტის დროს გაირკვა, რომ დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში პატიმრებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა, იქონიონ ტელევიზორი. პატიმრებს ბაჩანა ახალაიას, ირაკლი ოქრუაშვილს და იოსებ გიგუაშვილს აქვთ ტელევიზორები, რომლებიც შეერთებულია DVD-ზე და დაწესებულების ადმინისტრაცია მათ 12 საათიდან 22 საათამდე ურთავს ფილმებს",- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2012 წლის 4 დეკემბერს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონიტორინგი ჩაატარეს თბილისის #7 დაწესებულებაში, სადაც გაირკვა, რომ მსჯავრდებულებს კვლავ არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორებით, ისინი DVD -ის საშუალებით, მხოლოდ გასართობა და შემეცნებითი ხასიათის ფილმებს უყურებენ, საინფორმაციო საშუალებების წვდომა კი მათ ისევ არ გააჩნიათ.
"გამომდინარე იქიდან, რომ ტელეტრანსლაციის მიღების საშუალებას მოკლებულნი არიან მხოლოდ #7 და #9 დაწესებულების პატიმრები, შეიძლება ითქვას, რომ ისინი სხვებთან მიმართებაში არათანაბარ და დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებიან. აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ციხის ევროპული წესების მიდგომას, რომელთა მიხედვითაც პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სატელევიზიო გადაცემებზე, ხოლო ყოველი აკრძალვა ინდივიდუალურად უნდა იყოს დასაბუთებული. 24.10 წესის მიხედვით, "პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რეგულარულად შეიტყონ საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ და ამისათვის გამოიწერონ და იკითხონ გაზეთები, პერიოდული გამოცემები და სხვა პუბლიკაციები, მოუსმინონ რადიოს ან სატელევიზიო გადაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული აკრძალვაა დაწესებული სასამართლო ხელისუფლების მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინდივიდუალურ შემთხვევაში",- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.