პარლამენტში ინიცირებულ ორ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიების პირველი სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის სხდომა, რომელსაც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს, იუსტიციის სახლში, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილ ფლიგელში 11:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილმდებარეობა განისაზღვრება. კერძოდ, კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება მოხდება, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, პროექტით, პრეზიდენტის ის უფლებამოსილება უქმდება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტის ნების წინააღმდეგ მოქმედი მთავრობა გადააყენოს, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა-კაბინეტი შეინარჩუნოს.
ამასთან, ინიცირებული პროექტის მიხედვით, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს, მას უფლება ეძლევა, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის - პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული მთავრობა გააგრძელებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შექმნილმა საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიებმა ცვლილებები ერთი თვის განმავლობაში უნდა განიხილოს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.