ყველას გპირდებით, რომ ამ წელს, ბევრი რამით თქვენ და თქვენს მშობლებს გაგახარებთ.
ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სასახლეში სტუმრად მყოფ 300-მდე ბავშვს მიმართა.
„პარლამენტში დეიდები და ბიძიები იმისთვის მუშაობენ, რომ თქვენი ცხოვრება უფრო იყოს ლამაზი და უფრო ბედნიერი იყოს. ყველას გილოცავთ და გპირდებით, რომ ამ წელს, ბევრი რამით თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს გაგახარებთ“, - დასძინა უსუფაშვილმა.
ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა, რომელსაც დაახლოებით 300-მდე ბავშვი დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელით საკანონმდებლო ორგანო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლეს. ასევე, ღონისძიებაზე მოწვეულნი დევნილი ბავშვებიც იყვნენ. ღონისძიებას დავით უსუფაშვილი შვილებთან და მეუღლესთან ერთად დაესწრო. საახალწლო წარმოდგენა ქუთაისის ნიღბების თეატრის მსახიობებმა გამართეს.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საახალწლო ნაძვის ხის გამართვის ტრადიცია არსებობს.