საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2013 წელს საპარტნიორო ფონდის ახალი პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა იწყება.
ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კოვზანაძის განმარტებით, საპარტნიორო ფონდის ამოცანაა კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა რამოდენიმე მიმართულებით, ეს არის უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და უძრავი ქონება.
გარდა ამისა, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ფონდის მთავარი ამოცანა წელს გრძელვადიანი კაპიტალის დეფიციტის შევსება იქნება.
"ფონდის მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი, ეს არის იმ კომპანიების მენეჯმენტი, რომლებიც ჩვენს კაპიტალში მონაწილეობენ. ფონდის დამფუძნებელია სახელმწიფო და 100%-ით სახელმწიფო ფლობს ფონდს. ფონდი კი ფლობს 100%-ით "საქართველოს რკინიგზას", ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს ელექტროსისტემას, ასევე 25%-მდე "თელასის" აქციებს. მეორე მიმართულება ფონდის კი არის ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ჩვენს პორტფელშია და რომელსაც ამ წლის განმავლობაში ალბათ მნიშვნელოვნად გავზრდით", - აღნიშნა კოვზანაძემ.
ირაკლი კოვზანაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოში ინვესტიციების შემოდინება შეჩერებულია, რის გამოც ათი ათასობით სამუშაო ადგილი იკარგება და აღნიშნა, რომ თუ რაიმე პროექტი შეჩერდა, ეს ნიშნავს რომ ის დამატებით შესწავლას საჭიროებს.
„მე არ ვიცი, რა პროექტები არის შეჩერებული და რა პროექტის შესრულება აღარ მოხდება; იმიტომ, რომ მე არ ვარ მთავრობის წევრი და არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. მაგრამ, თუკი რაიმე შეჩერდა ეს იმას ნიშავს, რომ ამ პროექტს სჭირდებოდა დამატებითი ანალიზი, შესწავლა, მისი ეფექტურობის დადგენა, თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთვის", - განაცხადა კოვზანაძემ.