თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2016 წლისთვის სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო ფორმაზე მთლიანად გადაყვანა იგეგმება. ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ტენ ბრუკსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ალასანიას თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ვადები და რაოდენობა ეტაპობრივად შემცირდება.
„პირველ ეტაპზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის 12 თვემდე შემცირება იგეგმება, ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ანალიტიკურ ცენტრებს და მათთან ერთად განვიხილეთ რიგი საკითხები, იანვრის ბოლოს კი ზუსტი ხედვა იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ალასანიამ.
მინისტრის განცხადებით, 2016 წლისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები შესაძლოა მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდეს, საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა ეტაპობრივად განხორციელდება.
"გვაქვს სურვილი და ვგეგმავთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად გადავიდეთ სამხედრო საკონტრაქტო სამსახურზე“,-განაცხადა ალასანიამ.