სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას, მეწარმის მიმართ სანქციის სახით შესაძლოა, მხოლოდ გაფრთხილება იყოს გამოყენებული.
შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 1 იანვრიდან შევიდა.
როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერეციაზე განაცხადა, საგადასახადო კოდექსში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა, მათ შორის საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრა. სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი ნაცვლად 1000 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება, საურავის ოდენობა 0,07%-დან 0,06%-მდე შემცირდა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა, 3 წლამდე გაიზარდა და სხვა.
„მივმართავთ გადასახადის გადამხდელებს, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა, ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით, ამავე დროს კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, განვაგრძობთ აქტიულ საგადასახადო ადმინისტრირებს. არ არსებობს არცერთი სფერო და მიმართულება, რომელიც არ ექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობით დაგენილ ქმდებებს. ჩვენ გვაქვს უმკაცრესი მონიტორინგი ჩვენი სამსახურების ქმედებებზე და შესაბამისად, განვიხილავთ თითოეულ საჩივარს და გამოვრიცხავთ გადასახადის გადამხდელის მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ღონისძიებას“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.