თუ პრეზიდენტმა ამნისტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვალა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარე ხელს, სავარაუდოდ , 12 იანვარს მოაწერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე შესაძლოა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ორ თვეში კი - ის პატიმრები, რომლებსაც ამნისტია ეხებათ.
სუბარმა განაცხადა, რომ საპარლამენტო კომისია, რომელიც ამნისტიაზე მუშაობდა, ამჟამად იმის განსაზღვად მუშაობს, თუ როგორ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.
"კომისიამ ერთი შეხვედრა უკვე გამართა და მსჯელობს იმაზე, გათავისუფლდნენ თუ არა პოლიტპატიმრები დაუყონებლივ მას შემდეგ, რაც ძალაში შევა კანონპროექტი, ან შესაძლოა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ სასამართლოს გზით. ამისთვის კი, გამოიყოს ერთკვირიანი ვადა. რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, რომლებსაც ამნისტიით გათავისუფლება ეხებათ, პირველი ორი კვირის განმავლობაში მათი საქმეები სასამართლოში გადაიგზავნება, შემდეგ კი ეტაპობრივად, ასევე ორი თვის ვადაში დატოვებენ საპატიმროებს. ასეთი იქნება 3 ათასამდე პატიმარი, თუმცა ამ კატეგორიაში არ შედიან ისინი, ვის გათავისუფლებაზეც დაზარალებულთა თანხმობაა საჭირო და შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში გათავისუფლებულთა რიცხვი გაიზარდოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ამნისტია შეეხება ასევე 17 ათას პატიმარს, რომლებსაც სასჯელი შეუმსუბუქდებათ.