ცესკო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტი, რომელიც არსებითად ცვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების ვადას, ასევე ვადამდე უწყდებათ უფლებამოსილება უსკოს მოქმედ წევრებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყოველთვის ჩართულია საარჩევნო ადმინისტრაცია და პროცესში მონაწილე სხვა მხარეები, მათ შორის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთი ნაჩქარევი პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობის შთაბეჭდილებას ქმნის. მით უმეტეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, ისევე როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე მხარეების მიერ დადებითად არის შეფასებული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლამდე არ იმართება.
საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს ერთიან სისტემას, რაც გულისხმობს ყველა დონის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას ერთიანი წესით და სასურველია ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს საარჩევნო კოდექსთან იქნას სინქრონიზებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ან მისი ნაწილის ფორმირება და უფლებამოსილების ვადა არ უნდა ემთხვეოდეს საარჩევნო-პოლიტიკურ ციკლს, როგორც ეს შემოთავაზებული ცვლილებებით არის გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, მოხდება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არსებითი ცვლილება, რაც გამოიწვევს მისი დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვან შეზღუდვას და საარჩევნო გარემოს მკვეთრ გაუარესებას. აგრეთვე, დაუშვებელია მოქალაქის უფლების ჩამორთმევა დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების შესარჩევ კონკურსში.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავი შეიკავოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული განხილვისგან და პროცესეი ჩართოს დაინტერესებული მხარეები“, -ნათქვამია განცხადებაში