ყოფილი მინისტრების დაკავებისა და პროკურატურასა თუ სხვა საგამოძიებო ორგანოებში დაბარების ფაქტების გახშირების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლები და განცხადებები სულ უფრი რადიკალური ხასიათის ხდება. კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე ამის მიზეზად იმედგაცრუებას ასახელებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იწვნია.
„როდესაც პრეზიდენტმა, არჩევნებში გამარჯვებულ ახალ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლება გადასცა, ეტყობა სანაცვლოდ ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა. ვფიქრობ, პირიქით, მიიღო საპირისპირო - მხედველობაში მაქვს ყოფილი მაღალჩინოსნების - ახალაიას, გვარამიას, ხეთაგურის და ა. შ. დაპატიმრებები“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი და დასძენს, რომ წრე პრეზიდენტის გარშემო ნელ-ნელა ვიწროვდება.
პრეზიდენტი ბოლო ხანს სულ უფრო რადიკალურ განცხადებებს აკეთებს. თანაც ღია ეთერის რეჟიმში. რა გახდა მიზეზი მისი ასეთი ტონალობისა?
- დაკავებების წრე ნელ-ნელა ვიწროვდება. უკვე იმ დონეზეა, რომლის იქითაც თვითონ პრეზიდენტია. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მწვავე განცხადებები უფრო თავდაცვითი ხასიათისა, ვიდრე სხვა რაიმეზე ორიენტირებული. ამ ამ აგრესიულობით ცდილობს შეაჩეროს ახალი ხელისუფლების სვლა ზემოთ, მისკენ და რაღაცნაირად დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დაიწყო. ამის მიღწევა, პრეზიდენტისა და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ერთადერთი მაშველი რგოლია.
აღნიშნეთ, რომ ის იმედგაცრუებულია. რატომ, თავიდანვე ჩანდა, რომ ახალი ხელისუფლება „სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ საზოგადოების დაკვეთის შესრულებას დაიწყებდა?
- საზოგადოებაში იყო სამართლიანობის აღგენის მოთხოვნა, მაგრამ სააკაშვილი ალბათ, ფიქრობდა, რომ რაღაც დონეზე ეს გაჩერდებოდა. აი, ახალაიას დონეზე. ამას ის მაფიქრებინებს, რომ ახალაია წასული იყო და უეცრად გამოჩნდა. გამოვიდა, რომ ახალაია მსხვერპლი შესწირეს და მიიჩნევდნენ, რომ ყველაფერი ამ დონეზე გაჩერდებოდა.
როცა ნახეს, რომ ამან არ იმუშავა, ისევ აგრესიულები გახდნენ და ცდილობენ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის განცდა იქნება.
ახლა ისეთ რეალობაა, სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება არ იყოს, მაგრამ პროვოცირებები მოხდეს.
ანუ, არ გამორიცხავთ უფრო დაიძაბოს ვითარება?
- დღეს, ყოფილ ხელისუფლებას არანაირი საყრდენი არ აქვს. მათი მხარდაჭერა მოსახლეობაში ნულის ტოლია. მათ ექსპერტებიც კი, მიიჩნევენ, რომ დღეს, არჩევნები ჩატარების შემთხვევაში „ნაციონალები“ 5 % -იან ბარიერს ვერ გადალახავენ.
მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ. ხელისუფლების საყრდენი კი, ზოგადად, არის, ან საზოგადოების მხრდაჭერა და ან, ძალოვანი სტრუქტურები.
თუ იციან, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ, მაშინ რა გათვლები აქვთ -სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირების თუ სხვა?
- მოსახლეობაში საყრდენი არ აქვთ, ძალოვანი სტრუქტურები აღარ ჰყავთ. თუ არ ჩავთვლით სახელმწიფო დაცვის სამსახურს, რომელშიც 1800 კაცია. როგორც ამბობენ, საკმაოდ გაწვრთნილი და შეიარაღებული. მაგრამ ეს მცირე ფაქტორია. და, კიდევ ერთი, ეს არის დასავლეთის მხარდაჭერა.
ახლა, ამ სიტუაციაში „ ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამოსავალია დასავლეთს დაუმტკიცოს ორი რამ, რომ ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს და ვერ ინარჩუნებს ქვეყანაში სტაბილურობას.
ამას თუ მოახერხებენ, ფიქრობენ, რომ იქიდან მხარდაჭერა ექნებათ. სხვა შანსი სააკაშვილს დღეს, არ აქვს.
- რატომ არ იყო დასავლეთის რეაქცია ასეთი ძლიერი „ვარდების ხელისუფლების“ მიერ განხორციელებულ დაჭერებზე და უფრო მკაცრი მეთოდებით ვიდრე ახალი ხელისუფლებაა?
- გეთანხმებით, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა ვთქვა ერთი რამ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ვახორციელებდით ვითომ ჩვენ, მაგრამ ყოველთვის იყო სხვა შემადგენელი, რომელიც იყო ძალიან ძლიერი.
„ვარდების რევოლუციაზე“ როცა ვლაპარაკობთ გავიხსენოთ, რომ აქ ჩამობრძანდა ივანოვი, ანუ ძალიან მარტივი და საინტერესო სქემაა. დასავლეთიც და რუსეთიც ორივენი შეთანხმებულნი იყვნენ, რომ ეს ტრიადა: ჟვანია-სააკაშვილი და ბურჯანაძე ხელისუფლებაში უნდა მოსულიყვნენ.
შევარდნაძე რომ არ გაჯიუტებულიყო, ივანოვი არ ჩამოვიდოდა, მაგრამ შევარდნაძე, როგორც ჭკვიანი კაცი მიხვდა, რომ მხოლოდ დასავლეთზე არ შეიძლება იყო ჩამოკიდებული და მან მოითხოვა მეორე გარანტია.
ანუ, როცა მაშინდელ დროზე ვსაუბრობთ, იქ ფაქტიურად შეთანხმებული იყო ყველაფერი ყველასთან, ყველა მხარესთან ვისაც საქართველოსთან შეხება ჰქონდა.
რა თქმა უნდა, პროტესტის ასეთი ტალღა არც დასავლურ მედიაში და არც პოლიტიკურ წრეებში არ ყოფილა.
-სააკაშვილის ხელისუფლების ასეთი დასასრული გარკვეულწილად დასავლეთის მარცხიც ხომ არაა. ისინი მას დემოკრატიის შუქურად აღიქვამდნენ...
ეს არის კიდევ ერთი მომენტი, თუ რატომ ცდილობს დასავლეთი სააკაშვილი გადაარჩინოს და არა ქვედა დონე.
სხვათაშორის, თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, სააკაშვილიც მხოლოდ ამას ცდილობს. როგორმე საკუთრი თავი გადაირჩინოს და შეიძლება ვანო მერაბიშვილი არ ჩააყოლოს, არ ჩაატანოს კედელში ამ ახალ ხელისუფლებას.
-სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესები, ოპოზიციაში უფრო საშიშია სააკაშვილი ვიდრე ხელისუფლებაში?
- სააკაშვილი ოპოზიციაში საშიში არ არის, ხელისუფლებაში კი, საშიშია. სააკაშვილმა 2003 წელს არჩევნებში ფაქტიურად 30% აიღო. სააკაშვილი ოპოზიციაში ძლიერი იყო, როცა მხარს ამერიკა და რუსეთი უჭერდა. და, რაც მთავარია, შევარდნაძის ხელისუფლებას არ ჰქონდა აღარანაირი რესურსი, ისევე როგორც წელს, ოქტომბერში, სააკაშვილის ხელისუფლებას აბსოლუტურად არანაირი რეიტინგი არ ჰქონდა.
სააკაშვილმა, რომ არჩევნები წააგო, ეს იყო ბუნებრივი. ამიტომ ოპოზიციონერი სააკაშვილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და დღევანდელ უმრავლესობას მართალია ამის გაკეთება რთულია, მაგრამ მათ გამონათქვამებზე რეაქცია თუ არ ექნება, ისინი უფრო ჩაქრებიან.
- ანუ ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური მომავალი მარცხით დასრულდება?
- მათი პოლიტიკური მომავალი, რომ მარცხით დასრულდება ეს ფაქტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სახიფათოები აღარ არიან.
სააკაშვილს რეალურად, ბერკეტი აღარ აქვს. ვგულისხმობ, ძალოვან სტრუქტურებზე გავლენას, თუმცა კონსტიტუციურად და სამართლებრივად მას, რა თქმა უნდა, აქვს ბერკეტები. შეუძლია გამოიწვიოს კრიზისი, შეუძლია წავიდეს ვაბანკზე, თუ შეხედა, რომ მას უკვე პირადად ემუქრებიან და გასამართლების საფრთხის წინაშე დგება.
- პროკურატურის მტკიცებულეები რამდენად მყარი ჩანს?
- რთული სათქმელია, მაგრამ ვიცი, ერთი რამ, რომ პროკურატურა რასაც აკეთებს, ეს ყველაფერი ძირითადად, ალბათ გამყარებული აქვს.
შეიძლება ეს იდეის დონეზეა, მაგრამ საინტერესო რამ თქვა არჩილ კბილაშვილმა, რომლის განცხადებითაც, მაღალჩინოსნების საქმე შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოსო.
სასამართლო თუ გაფართოვდება, მთლად უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ეს დღევანდელი ხელისუფლების საკმაოდ მომგებიანი წინადადებაა.
- ანუ გამართლებულია ეს? ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აქამდე მხოლოდ განზრახ მკვლელობების საქმეებს განიხილავდა...
- აქამდე, განსაზღვრული იყო, რომ მხოლოდ გახმაურებული საქმეები უნდა განეხილა, თუმცა პერსპექტივაში იყო, რომ გაფართოებულიყო. პარლამენტი კანონს თუ განავრცობს და სხვა მუხლებს შეიტანს, მაშინ ეს შესაძლებელია.
- რატომ გახდა ეს საჭირო, იმიტომ, რომ სასამართლო მაინც „ნაციონალების“ ხელშია და ბრალდებულები ციხეში წასვლის ნაცვლად გირაოთი თავისუფლდებიან?
- კბილაშვილის იდეა, როგორც ვხვდები, ეფუძნება იმას, რომ ხელისუფლება ვინმემ არ დაადანაშაულოს, რომ მან ვთქვათ ზეწოლა მოახდინა მოსამართლეზე. მსგავსი რაღაცები, რომ გამოირიცხოს, ამბობს, რომ აი, ეს გავაკეთოთო. გავაკეთოთ ნაფიც მსაჯულები იქნება ღია პროცესი, გადავიღოთ ყველაფერი, დავდოთ ყველა არგუმენტი და საზოგადოებამ თვითონ ნახოს არის ეს ასე თუ არ არის.
ანუ, ეს არის სწორედ, კონტრარგუმენტი იმისა, რაც დასავლეთში იბეჭდება, რომ საქართველოში პოლიტიკური დაპატიმრებებია. აი სწორედ, ამ არგუმენტად ავრცელებს კბილაშვილი ამ იდეას, რომელიც, ვფიქრობ სწორი იდეაა.
აქ, კიდევ ერთი მომენტია, რომ გვარამია და ხეთაგური ამ საქმეში გარეულები მართლაც აღმოჩნდებიან, თუ გაირკვევა, რომ რიყესთან დაკავშირებით, გარეულია მერია და ა.შ. მაშინ გაჩნდება იმის თქმის საფუძველი, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია იყო. კორუფცია იმდენად გასაგებია დასავლეთისა და ყველასთვის, რომ კლიშე -პოლიტიკური დევნა შორდება და ეს თუ შორდება და ქვეყანაში მართლაც, ელიტური კორუფციაა მაშინ, სააკაშვილთან მიდის სამართლებრივი საკითხების გარკვევა, თვითონ როგორ მონაწილეობდა აი, ამ ელიტურ კორუფციაში. მისთვის ყველაზე სახიფათო აი, ესაა.
ის, რომ საშინელი ამბები მოხდა ციხეში, ის რომ აქ ავტოკრატიული რეჟიმი იყო, ამას დასავლეთი ვერ აღიქვამს ან, არ უნდა აღიქვას, მაგრამ ის, რომ კორუფციაა ამას ვერ გაექცევა და ვერც გამართლებას ვერ მოუძებნის, „ნაციონალების“ ლობისტებს, რომც უნდოდეთ ეს. ამიტომ ეს ბოლო დაპატიმრებები, კიდევ ამიტომაა მტკივნეული.
- როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის რეაქცია პრეზიდენტის განცხადებებზე, როდესაც თანაარსებობის მოწოდების პირობებში ის თავად აკეთებს განცხადებებს, რომელმაც შეიძლება სიტუცია უფრო დაძაბოს. იგივე პოლიციისადმი მოწოდება, რომ არ დაემორჩილონ კანონს, და აშ. სააკაშვილი ზღვარს თუ გადასცდება დასავლეთი, რაღაც ფორმით, არ მოახდენს გავლენას?
- სააკაშვილი, თუ ზღვარს გადავა, დასავლეთი მოახდენს გავლენას და მგონი, ეცდება, რომ ის ამ ზღვარს არ გადავიდეს.
თუ დასავლეთზე ვსაუბრობთ, ერთ კონტექსტშია განსახილველი: კლინტონის განცხადება არჩევნებამდე, როდესაც მან თქვა, რომ თქვენ, რუსებს თავი დაანებეთ, იმას ჩვენ მივხედავთ, თქვენ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთო. არჩევნების შემდეგ, ყველას ერთხმად აღიარება, რომ ქვეყანაში ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა მოხდა.
იგივე კლინტონის განცხადება, როდესაც თქვა, რომ ის არ დაუშვებს არანაირი ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენას და მეოთხე ბრჟეზინსკის განცხადება, რომ თუ საქართველო-რუსეთთან მეგობრობას დაიწყებს ამერიკასთან მეგობრობის შანსს დაკარგავს.
თუ ამას ერთ კონტექსტში განვიხილავთ და ყველას დავალაგებთ, მაშინ, აქ მხოლოდ სააკაშვილის პრობლემა არ დგას. შეიძლება აქ დადგეს პრობლემა, რომ დასავლეთი ბოლომდე არაა დარწმუნებული დღევანდელი ხელისუფლების ორიენტაციაში.
და თუ ამას მეორე მხრიდან შევხედავთ, მაშინ გამოდის, ის ამზადებს გარკვეულ ნიადაგს, ანუ სააკაშვილი მას სჭირდება სწორედ, საპირწონედ, რომ ესენი იქით არ გადაიხარონ. დაახლოებით, ეს სურათიც იკვეთება.
ყოველ შემთხვევაში ეს ის ვერსიაა, რომელსაც დღეს, ყველაზე მეტად აქვს არსებობის უფლებაც და საფუძველიც.
- რაც შეეხება დაკავებებს, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს - თუკი გაგრძელდება გამოძიება ზურაბ ჟვანიას საქმეზე, აფრასიძეების და სხვა გახმაურებულ საქმეზე? შესაძლოა გამოძიება პრეზიდენტამდეც მივიდეს?
- მე როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ არ აპირებს იმპიჩმენტის დაყენებას და უმჯობესია სააკაშვილმა ჩაამთავროს თავისი საპრეზიდენტო ვადა. ფაქტობრივად, აქაც რაღაც დადებითი იგულისხმება. ასე რომ, შესაძლოა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები კიდევ მოხვდნენ სამართალდამცავების არეალში, მაგრამ სააკაშვილი ალბათ, მაინც გვერდზე დარჩება.
გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პარლამენტმა, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთგვარი აქტი უნდა მიიღოს ისეთი, რომელიც ამ პროცესს რაღაცნაირად დაასრულებს.
როგორც გითხარით კბილაშვილმა მოძებნა მშვენიერი გამოსავალი. ამიტომ, იურიდიულად მსგავსი გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
- კანონიერი მექანიზმი შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობა იანვარში დაასრულოს?
- ამის მექანიზმი არის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. თუმცა, არამგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს.
- მომავალ ოქტომბრამდე თითქმის 1 წელია. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა ორხელისუფლებიანობას გაუძლებს?
- თუ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სამსახურის გაკონტროლების უფლებაც აღარ ექნება, ის დარჩება უბრალოდ თავის სასახლეში და მეტი არაფერი. მისი გარემოცვა კი, ასე მარტივად ვერაფერს მოაწყობს. დღეს მთელი მსოფლიო ასეა. ჩვენ კი არა ვეებერთელა ქვეყნები ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა ინტერესები აქვთ ჩვენს მეგობრებს.
კი ბატონო, შეიძლება მათ თავისთვის სჭირდებათ რაღაც, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ თუ ეს ჩვენ არ გვიშლის ხელს, თუ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მუშაობს, რაღაც დათმობებზე ჩვენც უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობა, იცხოვრო დღევანდელ მსოფლიოში, უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ უნდა მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი. გამოსავალი კი ყოველთვის არსებობს.
- ყველაზე ოპტიმალური მაინც, რომელია?
- ოპტიმალური გამოსავალი ამ პროცესის დასრულებაა. ამ ჩიხიდან და საფრთხიდან ქვეყნის გამოსაყვანად ათასნაირი გზა არსებობს. პრეზიდენტსაც აქვს უამრავი კონსტიტუციური მექანიზმები და მას შეუძლია სიტუაცია გაამწვავოს. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება უნდა იყოს ისევე ფრთხილი, როგორიც იყო წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ეშინოდა პროვოკაციის. ის, რომ დღეს ძალაუფლება მის ხელშია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროვოკაციაზე მისი წამოგება არ შეიძლება. ძალაუფლება სააკაშვილის ხელშიც იყო მაგრამ, ცხინვალში რაც მოხდა ყველამ ვიცით. ანუ, ხელისუფლება არ უნდა გათამამდეს იმით, რომ მას ძალა აქვს და შეუძლია ძალით რაღაცის გადაწყვეტა. ძალას თავი უნდა დაანებოს და გონებრივად იმოქმედოს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.