პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ რეფორმებზე პრეზიდენტს ვეტოს დადების ბერკეტი არ გააჩნია, ამიტომ, ეს კანონი აუცილებლად ამოქმედდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, თუ პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს შენარჩუნება სურს, მაშინ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება აუცილებლად უნდა შევიდეს.
ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებდა, რომ სასამართლო ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილის და მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშაა.
„პროკურატურის მუშაობის ანალიზს მე ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ძალოვან უწყებებში კადრები კარგად არის შერჩეული და საზოგადოებამ თავად უნდა გააკეთოს სწორი ანალიზი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ბოლო დროინდელ დაკავებებსა და დაკითხვებთან დაკავშირებით აჟიოტაჟს ჩვენი ოპონენტები სპეციალურად ქმნიან. მეც ვიცი, როგორი სასამართლო გვყავდა, მასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობდა და აქვე უნდა ითქვას, რომ დღესაც იგივე შემადგენლობა მართავს სამართლო პრეცესებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ რეფორმები უკვე დაწყებულია"- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუ პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლო სურს, მაშინ საერთო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტო არ უნდა დაადოს და ეს კანონი აუცილებლად უნდა შევიდეს ძალაში.