რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარი რომც თქვას, თავად პროცესი არ იქნება ადვილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ კონსტრუქციულები და პრინციპულები ვიქნებით. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციას და საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, ვფიქრობ, რომ ფრთხილი და პოზიტიური იყო, რაც მისასალმებელია. უფრო საინტერესოა, რაც 2-3 დღის წინ განვითარდა, როდესაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები შეიძლება შეუზღუდავად აღდგეს. კომერციულმა სტრუქტურებმა რუსეთის მიმართულებით მოძრაობა უკვე დაიწყეს. როგორი იქნება პერსპექტივა, როგორც ადრე ვაცხადებდი, იგივე შემიძლია დღესაც გავიმეორო, საკმაოდ რთული სათქმელია, თუმცა ძალიან მისასალმებელია ის პოზიტიური გამონათქვამები და ნაბიჯები, რაც მოხდა რუსეთის მხრიდან. ძალიან რთული საანალიზოა, როგორ განვითარდება. ჩვენ გავაგრძელებთ, ისეთივე პოზიციაში ყოფნას. მხედველობაში მაქვს, რომ წარმომადგენელი დავნიშნეთ. პაუზებს ვაკეთებდით და არა რექაციას რუსეთის ჩინოვნიკების მხრიდან ზოგიერთ არასასიამოვნო გამოთქმებზე. ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც, რომ სულსწრაფები არ ვიყოთ, მოთმინებით გავიზაროთ ის რთული პროცესები, სადაც ეს ორი ქვეყანა აღმოჩნდა. ამას შეიძლება ჩიხიც დავარქვათ. შესვლა ძალიან იოლი იყო, გამოსვლა ძალიან რთული იქნება. თუ გნებავთ ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ რა გვინდა გასაგებია. სურვილიც რომ გაუჩნდეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ უარი თქვას მასზე, რაც უკვე განაცხადა – მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, მათ სურვილიც რომ გაუჩნდეს, თავად პროცესი არ იქნება ადვილი. მათაც ჰყავთ მოსახლეობა, ელექტორატი და გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც, მექანიზმის ძიებაზეც რომ წავიდეს მხოლოდ საქმე, აქაც კი არ იქნება მარტივად, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმეს მსგავსი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მე მხოლოდ კიდევ ერთხელ ამ კუთხით ხაზს ვუსვამ იმ პროცესების სირთულეს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ დროში ეს პოზიტიურად განვითარდება, მაგრამ არ გაგვიჩნდეს იმისი განცდა, რომ ეს მყისიერად შეიძლება მოხდეს, თუმცა არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. მთავარია, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, ვიყოთ თანმიმდევრულნი და პრინციპული, რასაც ჩვენ ვაპირებთ და იმედს ვიტოვებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესებთ და დავალაგებთ დიდ მეზობელთან ურთიერთობებს" - განაცხადა ივანიშვილმა.