პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამი საინიციატივო ფონდის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას დააჩქარებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და სრულყოფილ პროექტს პრემიერი დავოსში დაგეგმილ შეხვედრაზე წარადგენს.
„ჩვენი ძირითადი სტრატეგია ყოველთვის იქნება ეკონომიკის აღორძინება და ამ მხრივ, ჩვენ ვაპირებთ 3 ტიპის სხვადასხვა საინიციატივო ფონდის დაფუძნებას, რომელიც დააჩქარებს ინვესტიციების მოზიდვას. ეს დასრულებულ ფორმატში არ გვაქვს, თუმცა უფრო ღრმად და კარგად ჩვენ ამას დავოსისთვის ვამზადებთ. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი ტიპის იქნებიან ეს ფონდები. ჩვენ ამას ან მოგვიანებით წარმოგიდგენთ, ან დავოსში ჩემი ვიზიტის დროს შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეული ფონდის დანიშნულებას“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.