საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია, დირექტორის მხრიდან თანამშრომლობა შეუძლებლად მიმაჩნია
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მხარს ვერავის დავუჭერ - ამის შესახებ მედია ექსპერტმა ია ანთაძემ from.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, კონკურსის მეორე ეტპზე გადასული 5 კანდიდატის ვინაობას და მათ რეზიუმეებს გაეცნო, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიმე კანდიდატის მხრიდან ამხელა ვალდებულებების აღება, გაუმართლებლად მიაჩნია.
„გავეცანი ამ კანდიდატებს, მათ რეზიუმეებს და ასევე, გუშინ მოვუსმინე მათ ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში. რათქმაუნდა, ძალიან ცოტა დრო იყო იმისათვის, რომ კონკრეტული აზრი ჩამოგეყალიბებინა, მაგრამ მაინც ჩანდა რომ ზოგიერთი კანდიდატი უკეთ იყო მომზადებული ამ თანამდებობის დასაკავებლად, ზოგიერთი უფრო ნაკლებად. თუმცაღა, მე პირადად, ამ საბჭოსთან, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია, დირექტორის მხრიდან თანამშრომლობა შეუძლებლად მიმაჩნია. იმ ფინანსური მდგომარეობის ფონზე, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში, ახალი დირექტორის მისვლა და თავის თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ მან უნდა განაგოს ის ფინანსები, იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ იცის რა ხდება ამ ფინანსებში, მიმაჩნია, რომ არცთუ მთლად პასუხისმგებლური საქციელია. ამიტომ ვამბობ, რომ ვერ დავუჭერ ვერავის მხარს, ვინც გადაწყვეტს რომ გახდეს დირექტორი ამ პირობებში. თუმცა, რათქმაუნდა, არიან კანდიდატები, რომლებიც უფრო მეტად არიან მომზადებულნი“ - განუცხადა from.ge-ს ია ანთაძემ.
მისივე განმარტებით, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ დირექტორს აირჩევს, უნდა შეიცვალოს მისი სამეურვეო საბჭო და მოხდეს მისი დეპოლიტიზაცია.
ია ანთაძე მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭო საზოგადოების დისკუსიისა და ჩართულობის შედეგად უნდა დაკომპლექტდეს.
„მე ვემხრობი იმ თვალსაზრისს, რომ სანამ აირჩევა დირექტორი, აუცილებლად შეიცვალოს საბჭო, მოხდეს მისი დეპოლიტიზაცია, გაეცეს პასუხი ყველა შეკითხვას ფინანსებთან და იმ პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებაც ვერ მოხერხდა. მოკლედ, სერიოზული ინფორმაცია უნდა მივიღოთ. შემდეგ იყოს გარკვეული დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა საზოგადოებრივ მაუწყებელში და მხოლოდ ამის შემდეგ ახალი წესით, რომელსაც ერთად შევიმუშავებთ, დაკომპლექტდეს საბჭო და ამ დეპოლიტიზებულმა საბჭომ აირჩიოს დირექტორი“ - აღნიშნა ია ანთაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე, 143 კონკურსანტიდან 5 პრედენტენტი გადავიდა.
გიორგი ბარათაშვილი, მეგი თავდუმაძე, თინათინ რუხაძე, ნათია აბრამია და ნიკოლოზ მახარაშვილი სამეურვეო საბჭომ 20 დეკემბერს შეარჩია და გასაუბრება 21 და 22 დეკემბერს დაუნიშნა.
გასაუბრების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით დაამტკიცებს.
ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ჭანტურიას გადადგომის შემდეგ გამოცხადდა.