რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვება პოლიტიკურად გადაწყვეტილი საკითხია და მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი. რას მოუტანს ქართულ ბიზნესს რუსული ბაზრის გახსნა, ხომ არ აღმოჩნდება ის რაიმე სახის ხაფანგი ქართული მხარისთვის და გამოიწვევს თუ არა რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციის შიდა ბაზარზე გაძვირებას? From.ge ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვება რას მოუტანს ქართულ ეკონომიკას და ქართველ გლეხს?
-ასეთი მოუცულობის ბაზარზე გასვლა მხოლოდ დადებითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ათასობით და ათიათასობით ჩვენს მწარმოებელზე, გლეხი იქნება ეს, მცირე თუ საშუალო მეწარმე, არაფერს ვამბობ მსხვილ ბიზნესზე. შიშის განცდა, თითქოსდა რუსული ბაზარი რაიმე ხაფანგი იყოს, არის მანკიერი პროპაგანდის შედეგი. არანაირი ბაზარი არ შეიძლება იყოს ხაფანგი 21-ე საუკუნეში, მითუმეტეს, როცა რუსეთი მსო-ს წევრი გახდა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს სწორედ ამ ორგანიზაციის წესები არეგულირებს.
რუსული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, მოლოდინი მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს და ამას ჩვენ მალე ვიგრძნობთ, მთავარია, გაიხსნას ეს ბაზარი და არ იყოს დამოკიდებული არც ქართველი, არც რუსი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებაზე, ის ღია უნდა იყოს ორ სახელმწიფოს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, დანარჩენი უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით და ორმხრივი შეთანხმებებით დარეგულირდება. ეს ბაზარი ღია უნდა იყოს როგორც დიდი ბიზნესისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის ფიზიკური პირისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსო-ში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთს გარკვეული შეთანხმებები და ვალდებულებები გააჩნია...
-მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ქვეყნებს შორის ვაჭრობას, წესებს, დავებს არეგულირებს და ბუნებრივია, რაკი რუსეთმა ხელი მოაწერა მსო-ში გაწევრიანებას, ვალდებულია დაიცვას ამ ორგანიზაციის წესები და ვალდებულებები.
ანუ რუსეთის ბაზრის გახსნა, ახალი ხელისუფლების დამსახურება არ არის?
-ნებისმიერი ხელისუფლების არსებობის პირობებში, მსო-ში გაწევრიანების შემდეგ, რუსული ბაზარი გაიხსნებოდა. მე ამის ყოველთვის მომხრე ვიყავი , რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო, რადგან აქ არის გარკვეული ვალდებულებები და რუსეთი ბოლო პერიოდში, ფრთხილად ეკიდება საერთაშორისო ვალდებულებებს, რადგან ის საკმაო მოგებას ნახულობს ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე. ასე, რომ აქ არაფერი სუბიექტური მოსალოდნელი არ არის. თუ ცალკეულ პროდუქციაზე დავები წარმოიქმნა, ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საფუძველზე გადაწყდება. ასე, რომ რუსული ბაზრის გახსნას, გარდა დადებითისა, არაფერი არ შეიძლება მოჰყვეს.
ხომ არ გამოიწვევს რუსული ბაზრის გახსნა, ქართული პროდუქციის შიდა ბაზარზე გაძვირებას?
- არ გამოიწვევს. ქართული ბაზარი დაუკმაყოფილებლია და ქართველი მწარმოებელი ძალიან ცუდ დღეშია. ჩვენ ორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ- ერთი მაღალი შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მეორე საექსპერტო პოტენციალის გაძლიერება.
ამასაობაში, დასაქმების თანდათანაობიოთი მოგვარების გზით, ადამიანებს ნელ-ნელა შემოსავლები გაუჩნდებათ და ის, რაც ფასების ზრდასთან იქნება დაკავშირებული მომავალში, მტკივნეული არ იქნება საზოგადოებისთვის. მთავარია, შემოსავლები არ ჩამორჩეს იმას, რაც თავისთავად დროში განვითარებულ ეკონომიკაში ხდება-ფასების ზრდა.