არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პოზიტიურ პროექტად აფასებს.
როგორც მან from.ge-ს განუცხადა, დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული კანონპროექტი სასამართლოს სისტემას უფრო გააუმჯობესებს.
„სასამართლო რამდენად დიდი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული ბოლო წლების განმავლობაში, ყველასთვის ცნობილია და ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა, ვინაიდან, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ბუნებრივია, ის არ არის სრულყოფილი, კიდევ იქნება საჭირო მისი შემდგომი დახვეწა საჭირო, იმის გათვალისწინებით, პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ზოგადად, სასამართლოს ადმინისტრირებას უფრო გააუმჯობესებს, ვიდრე ის არის დღევანდელ ვითარებაში“ - განუცხადა from.ge-ს ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, პარლამენტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვეტო დაძლიოს, თუმცა ამისათვის დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა სჭირდება.
ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ამისათვის რესურსი არსებობს, თუმცა, უმჯობესია პრეზიდენტმა სასამართლოს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა მისცეს.
„უმჯობესია პრეზიდენტმა მისცეს საშუალება ახალ აღმასრულებელ ხელისუფლებას ინიციატივები წამოაყენოს და პარლამენტმა ამაზე თავისუფლად იმსჯელოს, ვინაიდან, ეს ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლო ხელისუფლება იყო ძალიან მძიმე ვითარებაში, არც ახლა ამ სფეროში რადიკალური ცვლილებები და პრობლემები კვლავ მრავალი რჩება. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინტერესებიდან და დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე და პარლამენტს მისცეს შესაძლებლობა იმსჯელოს ამაზე. ვეტოს დადებით პრობლემა არ აღმოიფხვრება“ - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს. როგორც პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იმ ფორმით დამტკიცდება, რა ფორმითაც ახლაა, ვეტოს გამოიყენებს.
„ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, უკვე ფორმალურადაც. საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მე მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში და ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ ექნებათ" - განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე, სასამართლოებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ", „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ", „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ" კანონებში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“