საქალაქო სასამართლოში ყოფილი მაღალჩინოსნების აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებამდე დაკავებულთა ადვოკატების განცხადებით,საქმის მასალებს დროულად ვერ გაეცნენ რადგან, საქმე საკმაოდ სქელტანიანია და ის 8-9 ტომს შეადგენს.
ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში სასმართლომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა გამოიყენოს, რადგან ხეთაგური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაიკითხა და გამოძიებას არ დამალვია.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე წინასწარ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვს, დავით ხაჟალია 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
„ეს არ არის დოგმა და თუ სასამართლო სხვა თანხაზე შეთანხმდება, ჩვენ ამისათვის მზად ვიქნებით“,- განაცხადა დავით ხაჯალიამ.
დამენიასა და გუტიძის ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე წინასწარ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე მზად არის, გირაოს შუამდგომლობა დააყენოს, დამენიას შემთხვევაში 20 ათასი ლარის, ხოლო გუტიძის - 10 ათასი ლარის ოდენობით.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, 20 ათასი ლარიან გირაოზე იშუამდგომლებს დევი კანდელაკის ადვოკატი, ვლადიმერ გაბრიჩიძე.
ნიკა გვარამიას, კახა დამენიას, იზაბელა გუტიძესა და გიორგი ნემსიწვერიძეს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე მუხლით ოფიციალურად გუშინ წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ქრთამის აღებას ითვალისწინებს, ასევე 194-მუხლი- ფულის გათეთრება, 201-ე მუხლი- ყალბი დოკუმენტების დამზადება და 362-ე მუხლი- ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება.
რაც შეეხება იზაბელა გუტიძეს, მას ბრალი ედება ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით დაფარვაში.
კახა დამენიას ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული. ესენია: ყალბი საგადასახო დოკუმენტების გამოყენება, ქრთამის აღებაში დახმარება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის გამოყენება.