ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია ე.წ. მოდულის შენობაში „ქართუ ბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიკითხა.
„დამკითხეს „ქართუ ბანკის“ ქონებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, თუმცა გამოძიება გრძელდება და კონკრეტული დეტალების გახმოვანებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, - განაცხადა ქობალიამ.
ყოფილი ეკონომიკის მინისტრის დაკითხვა დაახლოებით 4 საათი გრძელდებოდა.
ვერა ქობალია დაკითხვაზე ადვოკატ, გოგიტა გაბაიძესთან ერთად იმყოფებოდა.
ადვოკატის განცხადებით, დაკითხვის პროცესში ბევრი უაზრო შეკითხვა დაისვა და იყო ფსიქოლოგიური ზეწოლაც.
ასევე, გოგიტა გაბაიძემ აღნიშნა, რომ იგივე საქმესთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, ქობალია დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ.