პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმ დეტალებს ხდის საჯაროს, რომელსაც მთავრობა პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით სთავაზობდა და რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უსუფაშვილმა განაცხადა, დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, წარმოებული კონსულტაციების შესახებ, მან ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსსაც მიაწოდა.
„დიპლომატებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე, თუ რა უძღოდა წინ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას, როგორი იყო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და რა გადაწყვეტილებები მიიღო პრეზიდენტმა 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა დაცვის სამსახურს სხვადასხვა სფეროები შეუერთა. მთავრობამ მას შესთავაზა, რომ მის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო დანაყოფი, რომელიც პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის და ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს. შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ ბოლო ეტაპზე ფინანსური რესურსის გამო შეთანხმება აღარ შედგა – პრეზიდენტს სურდა მისი დაცვისთვის დარჩენილიყო დაფინანსება დღეში 50 ათასი ლარის ოდენობით, მთავრობის მხრიდან კი იყო შეთავაზება მისი დაცვისთვის, დღეში 20 ათასი ლარის ოდენობით“, - აცხადებს სპიკერი.
უსუფაშვილის შეფასებით, დაცვის არანაკლები ობიექტია პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტს არ ეყოლება იმაზე ნაკლები სტანდარტის დაცვა, ვიდრე ჰყავს პრემიერ-მინისტრს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ პროექტით, რომელიც ირინე იმერლიშვილმა მოამზადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთლიანად მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის, მის ხელმძღვანელს კი, პრეზიდენტის ნაცვლად თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.