„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ქუთაისის ინციდენტში მონაწილე „ქართული ოცნების" წარმომადგენლების დაკავებას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დღეს ის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელშიც ინციდენტის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ გუბაზე სანიკიძესთან ერთად არიან აღბეჭდილი.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ პროვოკაციის ზოგიერთი მონაწილე დაკავებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ისინი. პოლიციის მთავარი ფუნქციაა, რომ როცა ხედავს დანაშაული ხდება, ადგილზე მოახდინოს რეაგირება. ამის მაგივრად ჩვენ ვიღებთ განცხადებას უმრავლესობის ლიდერისგან, რომ თურმე აკო მინაშვილი ყოფილა მთავარი დამნაშავე. ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონი აღსრულდეს ორგანიზატორების მიმართ, ვინც მოიყვანა ეს ადამიანები აქციაზე, მათ შორის გვაინტერესებს, ვინ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალებებით და იქნება თუ არა რეაქცია იმ პოლიციელებზე, ვინც იყვნენ იქ და არაფერი გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო" - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას" აქვს ინფორმაცია იმ პირების თაობაზე, ვინც პროვოკაცია დაგეგმა.
ინციდენტი ქუთაისში 19 დეკემბერს, პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეები ოპოზიციის წევრებს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქუთაისში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს 6 პირი დააკავეს.