შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ გუნავას ადვოკატის გიორგი ონიანის შეფასებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა „არასაკმარისი და სასაცილოა“.
„ამით გუნავას უდანაშაულობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუმცა თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის, ეს სასაცილოა. ეს ძალიან მძიმე დანაშაულია და როგორ შეიძლება, რომ მხოლოდ თანამდებობიდან გაათავისუფლო. მათთვის გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა შეეჩერებინათ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ აქ არა გუნავას, არამედ საზოგადოების პრობლემაა. გუნავას რომ არ ჰქონოდა კომუნიკაციის, საუბრის საშუალება, საზოგადოება რომ არ დადგომოდა გვერდით, მაშინ რა მოხდებოდა? რიგითი მოქალაქის შემთხვევაში რომ იგივე მოხდეს, მაშინ მას რა ეშველება?"- განაცხადა ონიანმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თენგიზ გუნავას დაკავების საქმეზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
შსს ინფორმაციით, ამავე საკითხზე გამოძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს და დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება.
გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ბოლო ხანებში უკვე ორჯერ დააკავეს. პირველად გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას ედავებოდა.
გუნავას განცხადებით, მას სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და სითხის სახით ნარკოტიკული ნივთიერების დალევა აიძულეს, რის გამოც გუნავამ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ამასთან, შსს-ს გენინსპექციის ყოფილმა ხელმძღვანელმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაიტარა.
მისი ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, გუნავას თმის ღერზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში არავითარი ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.