მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოინახულა.
როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხეთაგური თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს. მისივე ცნობით, ხეთაგური აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.
„ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდის თეატრი. არანაირი ინფორმაცია არა აქვს კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. მისთვის უცნობია ქრთამის მიმცემი. აცხადებს, რომ არა აქვს ინფორმაცია, თუ ვინ გასცა ქრთამი" - აცხადებს ნანუაშვილი.
ომბუდსმენის თქმით, ხეთაგური მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მასალების გაცნობას ელოდება.
ამ დროისთვის მოდულის შენობაში ხეთაგურის ადვოკატი დავით ხაჟალია იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ხეთაგურის დაკითხვა ამჯერად „ქართუ ბანკის" საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. უჩა ნანუაშვილმა კი მოდულის შენობა უკვე დატოვა.