ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, ქართველ საზოგადოებას სერიოზული კითხვები ჰქონდა.
აღნიშნულის შესახებ, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
პეტრიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კანონის უზენაესობის დაცვით, განახორციელებს ყველა იმ პროცედურებს, რომლებიც საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ხელს შეუწყობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ყველგან აღინიშნება, რომ თუკი ვინმე დამნაშავეა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ბრალდება ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული და შესაბამისად, პროცესები გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს
„მე გახლდით ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ბრიუსელში, ირაკლი ალასანიასთან ერთად, ასევე ბრისუელში და ორიოდე დღის წინ, ევროკაშირის ფორმატით თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მივიღეთ მონაწილეობა.
ყველგან აღინიშნება, რომ თუკი ვინმე დამნაშავეა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ეს ბრალდება ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული და პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს. ჩვენ, მათ და ქართველი ხალხის წინაშე აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ პროცესები კანონის სრული დაცვით წარიმართება. ეს მათ ძალიან კარგად ესმით და ასევე, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ კონკრეტული ადამიანებთან მიმართებაში საზოგადოებას სერიოზული კითხვები ჰქონდა“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილის თქმით, ევროსტრუქტების მხრიდანაც ძალიან მტკიცე და სერიოზული რეკომენდაციები იყო.
„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გავიხსენოთ, სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახლა გამოძიებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია. ეს ისეთი სიძლიერის რეკომენდაციაა, რომ ფაქტიურად, მოთხოვნა იყო, რომელსაც წინა ხელისუფლება უგულებელყოფდა.
ჩვენ, ვერც ქართველი ხალხის ინტერესს და ვერც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ვერ უგულვებელვყოფთ. ამიტომ კანონის უზენაესობის სრული დაცვით განვახორციელებთ ყველა იმ პროცედურებს, რომლებიც საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ხელს შეუწყობს. გარწმუნებთ, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კარგად ესმით და ჩვენც კარგად გვესმის მათი შეშფოთებისა და მათი კითხვების შესახებ და ყოველთვის, ყველა ამ კითხვაზე ძალიან კვალიფიციური პასუხი გაიცემა. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლების მხრიდან, არცერთი ისეთი ქმედება არ განხორციელდება, რომ ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას, რაიმე შეფერხება შეექმნას. ეს შეუქცევადი პროცესია და ამას ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.