საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა და ლექსიკა არ ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს იყო წონასწორობიდან გამოსული ადამიანის გამოსვლა.
„ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის მიუღებელ ლექსიკაზე ვსაუბრობდით, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმებით, აგრესიული და წონასწორობადაკარგული გამოდის, ეს არა პრეზიდენტის, არამედ ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა გახლდათ. თუმცა, ასეთი ლექსიკით და გამოსვლით სააკაშვილი ჯობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამოსულიყო და არა პრეზიდენტის სასახლეში. ეს ცალსახა დადასტურება გახლავთ იმის, რომ ეს ადამიანი გახლდათ წონასწორობიდან გამოსული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა საპარლამენტო სხდომები, მათ თუ ასე გააგრძელეს , ისინი სწრაფად ჩაებმებიან საკუთარი მარგინალიზაციის პროცესში“,-აღნიშნავს ძიძიგური.
უმრავლესობის წევრის განცხადებით, სააკაშვილის ბევრი ექსპანსიური და იმპულსური გამოსვლა უნახავს საზოგადოებას, თუმცა პრეზიდენტის გუშინდელმა გამოსვლამ ყველა წინამდებარეს გადააჭარბა.
„სრულიად მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდება პოლიციელებისადმი რომ არ დაემორჩილონ ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანებებს, ძალიან აქტიურად იქნა მისი მხრიდან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ლანძღვა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები თავშეკავების გარეშე პირდაპირ დაადანაშაულა მძიმე ბრალდებით“,-აცხადებს ძიძიგური.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში ახალი ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ მიმართ არა მუქარა, არამედ გაღიზიანება და სასოწარკვეთა შეინიშნებოდა, იმ განცხადების ჩათვლით, რომ ის დაცვის გარეშე აპირებს სიარულს.
„სააკაშვილი ცდილობს თავისი განცხადებებით გაამხნევოს თავისი მხარდამჭერების გუნდი, რომელიც დღითიდღე ეცლება გვერდიდან, საკრებულოს წევრები რომ „ქართული ოცნების“ მხარეს გადმოდიან, ეს პოლიტიკური ლოგიკაა, ის რომ დღეს საპარლამენტო უმცირესობის მეცხრე წევრმა დაწერა განცხადება უმცირესობის დატოვების შესახებ, ესეც პოლიტიკური ლოგიკაა. ის სადეპუტატო ბალანსი, რაც დღეს პარლამენტში არის, არანაირიად არ შეესაბამება იმ ბალანსს, რომელიც ქვეყანაშია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მათი რეიტინგის მიხედვით უნდა ჰყავდეს დეპუტატები და ფლობდეს იმდენ სადეპუტატო მანდატს, რამდენიც ახლა გააჩნია, რადგან მათ ყველა სახელისუფლო ბერკეტების და ძალადობის გამოყენებით მოიპოვეს მანდატების ის რაოდენობა, რაც მათ დღეს გააჩნიათ.
აქ კიდევ მინდა ერთ ფაქტს შევეხო, სააკაშვილის განცხადება, რომ ის დაცვის გარეშე აპირებს სიარულს, ვფიქრობ, თავისი თავის არასერიოზულ მდგომარეობაში ჩაყენებაა, ქუთაისში მიხეილ სააკაშვილმა თავისი გადაადგილების კანონი დაარღვია, რადგან პრეზიდენტის დაცვამ წინასწარ არ შეამოწმა მდგომარეობა და არ განსაზღვრა, იყო თუ არა იქ რაიმე კონფლიქტური სიტუაცია. ეს ფაქტი მიუთითებს იმას, პრეზიდენტის ბერკეტს არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რადგან ვფიქრობ, მთავრობა გაცილებით უკეთესად დაიცავს მიხეილ სააკაშვილს“,-აცხადებს ძიძიგური.