პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებლისა და დირექტორის, არმაზ ახვლედიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „გაღმა ედავე გამოღმა შეგრჩება“-ს გზას მიჰყვება.
როგორც არმაზ ახვლედიანი from.ge- სთან საუბარში აცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტის მწვავე განცხადებების მიუხედავად, ის განსაკუთრებულ საფრთხესა და საშიშროებას, ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში შესაძლოა სიტუაცია იმდენად დაიძაბოს, რომ ქვეყნის განვითარებაზე ცუდად აისახოს.
მისი თქმით, პრეზიდენტის მწვავე განცხადებები უარყოფითად მოქმედებს მის რეიტინგზე და საბოლოო ჯამში, მის პოლიტიკურ მარცხს დააჩქარებს.
„დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ შედავებით და რაღაცეების გადაბრალებით, საკუთარი შავბნელი წარსულის დამალვას, მიჩქმალავს მოახერხებენ და საზოგადოებასა და დასავლელ პარტნიორებს თვალს აუხვევენ, მოაჩვენებენ, რომ თითქოს დღეს, ქვეყანაში მთავარი სხვა პრობლემებია, თუმცა იმასაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მეტი გონიერება მართებს და ზოგჯერ, სამართლიანობის უმაღლესი პრინციპების დაცვასთან ერთად, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხების გათვალისწინებაც პრაქტიკულად, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანია“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, რაღაც პოლიტიკური კრიზის ნიშნები შეიძლება გამოიკვეთოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საფრთხის შემცველი არაა.
„ფაქტიურად, ქვეყანაში რაღაც თვალსაზრისით ორხელისუფლებიანობაა და ეს ყოველთვის ისეთი ნაღმია ჩვენი ტიპის ქვეყანაში, რომ მარტივად შეიძლება პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს. მათ შორის, სამთავრობო კრიზისშიც, მითუმეტეს, ამბიციური და გაუწონასწორებელი პოლიტიკოსების ხელში, თუმცა ამას დღეს გამოვრიცხავ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამისთვის რეალური რესურსი არ გააჩნია. პიარი და მხოლოდ სიტყვა და მითმეტეს სიტყვა, რომელიც არანაირ რეალურ რესურს არ ემყარება, ვერაფერს შეცვლის, არაფერს არ მოიტანს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი უფრო ზომიერია და შესაბამისად, მისი მწვავე განცხადებებიც არ მოუსმენია, ხოლო რაც შეეხება, პრეზიდენტს, მისი თქმით, ის ცდილობს, როგორღაც შეინარჩუნოს აქ-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მომხრეები და ამ ადამიანებს გული გაუმაგროს.
„ხვდება, რომ ეს გემი იძირება და უნდა, საკუთარი თავი და მომხრეები პოლიტიკურად გადაარჩინოს. ამ შემთხვევაში, მისი ტაქტიკა და სტრატეგიაც ესაა. ამიტომაც წავიდა გამწვავებაზე და შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს, თუმცა ეს შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ნებისმიერი გამწვავება უარყოფითად მოქმედებს მის რეიტინგზე და საბოლოო ჯამში, მის პოლიტიკურ მარცხს დააჩქარებს.
ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მალე გახდება მადრიდის კლუბის (ყოფილი პრეზიდენტების კლუბი) საპატიო წევრი. ესაა გარდაუვალი და ამ მომავალს უნდა შეეგუოს.
არც მეტი, არც ნაკლები ყოფილმა ხელისუფლებამ იფიქროს იმ დრამატულ შეცდომებზე, რომელიც წლების განმავლობაში დაუშვა. იფიქროს, გაიაზროს და თუ კარგად გაიაზრებს საკუთარ შეცდომებს და ექნება სურვილი ამ შეცდომების მონანიებისა, მაშინ მათ აქვთ შანსი, რაღაც პერიოდის შემდეგ იფიქრონ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, თუ არა, ამ გუნდს პოლიტიკური მომავალი აღარ ექნება“, - განაცხადა ახვლედიანმა.