საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.
პრეზიდენტი ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესაძლო შეჩერებას, ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსის განვითარებისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს და ივანიშვილისგან კატეგორიულად მოითხოვს, ყარსი-ახალქალაქის მშენებლობის შეჩერებაზე არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.
„ძალიან შემაშფოთა განცხადებამ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვის თაობაზე და იმაზე, რომ შესაძლოა, ეს მშენებლობა შეჩერდეს, იმიტომ, რომ ესაა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების, ვინაიდან ეს არის რკინიგზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რუსეთის გვერდის გავლით დავუკავშირდეთ ევროპას და საქართველო პირდაპირ მიურთდეს. იმ პირობებში, როდესაც მივდივართ ევროკავშირისკენ, უვიზო მიმოსვლისკენ, ასოცირების ხელშეკრულებისკენ და მომავალში ევროკავშირის წევრობისკენ, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებს პირდაპირი რკინიგზით მივუერთდეთ. ამიტომ ამ პროექტზე საუბარი თითქოს ის ეკოლოგიას ემუქრება, არის თითიდან გამოწოვილი და სისულელე. სხვა არაფერი ამას არ ჰქვია. მეორე არის ის, რომ მიდის მოლაპარაკებები იმაზე, რომ რაღაცის სანაცვლოდ მთლიანად გადავერთოთ რუსულ ელექტროენერგიაზე და პრაქტიკულად მიდის საუბრები იმაზე, რომ რუსულ ელექტროკომპანიას მოვუხსნათ ვალდებულებები, რომელიც სწორედ ახალი სიმძლავრეების შექმნას და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ემსახურებოდა. ეს ორი განცხადება მთავრობის და პრემიერ-მინისტრის, ევროპასთან პირდაპირ გვაშორებს და კაბალური ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან გვაკავშირებს. ვფიქრობ, ეს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ევროკავშირი, ნატო გვინდა, თუ რეალურად აკეთებ იმას, რაც ახლა ავხსენი ან აპირებ ამის გაკეთებას, მაშინ ძალიან კარგად მესმის, თუ რატომ მიესალმა ვლადიმერ პუტინი საქართველოს მთავრობის პოზიტიურ სიგნალებს. პუტინისთვის მთავარია, ჩვენ ენერგეტიკულად, ტრანსპორტის თვალსაზრისით, მივებათ რუსეთს და თუ ეს ყველაფერი მოხდა, მერე რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ნატო ან ევროკავშირი გვინდა, არაფერს არ ნიშნავს. კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ეს საკითხები გადაიხედოს და საერთოდ, ამ თემაზე სერიოზული საზოგადოებრივი განხივლები მოხდეს და ამ მიმართულებით არანაირი გადაწყვეტილებები მთავრობამ არ მიიღოს“,- განაცხადა სააკაშვილმა.