საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, შოთა მალაშხიას მძღოლის დაჯარიმებას პოლიტიკურ მოტივებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამართალდამცავების მხრიდან დასკვნა მოვიდა, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ მალაშხიას კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშნები სტანდარტებს არ შეესაბამება.
სპიკერმა ეს დასკვნა პლენარულ სხდომაზეც წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შოთა მალაშხია პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მოდიოდა, რა დროსაც მისი ავტომობილი პატრულმა სანომრე ნიშნების შემოწმების მოტივით გააჩერა და ნომრებს 30 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ. მოგვიანებით კი, კანონმდებლის მძღოლს 100 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. უმცირესობის მხრიდან, ამ ფაქტს პოლიტიკური სარჩული მიეცა, რის გამოც, ფაქტით, პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა.