საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვს.
საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ბადებს კითხვებს, რომლის პასუხი არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერც მაუწყებლის თანამშრომლებმა და ვერც საზოგადოებამ ვერ მიიღო. თუ ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებას ვენდობით, „მართვის კრიზისთან" გვაქვს საქმე, მაგრამ არხის კრიზისულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს სამეურვეო საბჭო, არადა, გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭო ურთიერთვალდებული სუბიექტები არიან და ერთმანეთის გარეშე, საეჭვოა, ეს კრიზისი შექმნილიყო. მეორეც, რატომ უნდა აირჩიოს ახალი გენერალური დირექტორი იმ სამეურვეო საბჭომ, რომლის მიმართაც უნდობლობის ისეთივე ხარისხია, როგორიც ყოფილ გენერალურ დირექტორს ჰქონდა. ან, რა გარანტია არსებობს, რომ ახალი გენერალური დირექტორიც „მართვის კრიზისს" არ შექმნის და ამჟამინდელი სამეურვეო საბჭო ამ კრიზისის შესახებ ისევ 3 წლის შემდეგ არ შეიტყობს.
საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელ და საჭირო მოთხოვნად მიგვაჩნია - შეჩერდეს მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსი და პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ლევან გახელაძეს, 2013 წლის მაისის ნაცვლად მოსთხოვოს რიგგარეშე ანგარიშის ჩაბარება საზოგადოების წინაშე. ვფიქრობთ, ამ ანგარიშით მაინც შევიტყობთ იმ რეალობის შესახებ, რომელმაც „მართვის კრიზისი” შექმნა მაუწყებელში.
კანონში „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” ნათლად წერია, რომ - საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი არხი. მიგვაჩნია, რომ ბატონ გახელაძის ანგარიშის შემდეგ შეიქმნას კრიზისის მართვის დროებითი ჯგუფი (თუნდაც, 3 თვით), ამასობაში, კანონში შევიდეს ცვლილებები, განახლდეს სამეურვეო საბჭო, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური და კომერციული ვალდებულებებისგან იქნება თავისუფალი და მხოლოდ ასეთმა საბჭომ აირჩიოს გენერალური დირექტორი, რომელსაც მარტო CV-s კი არა, არამედ გააზრებულ კონცეფციას მოთხოვს. გენერალური დირექტორობის კანდიდატებისათვის ძირითადი მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ თავად იყოს თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან, ანუ, არც პარტიული ვალდებულება გააჩნდეს და არც კომერციული.
წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას უფრო მეტად დაშორდება.
საინიციატივო ჯგუფის სახელით:
1. დოდო შონავა – მეორე არხის გენერალური პროდუსერი
2. ქეთევან სადღობელაშვილი – ჟურნალისტი
3. დავით არველაძე- მარკეტინგის სამსახურის უფროსი
4. თორნიკე კაციტაძე – პრომოუშენის სამსახურის უფროსი
5.. მაკა ასათიანი - პროდუსერი“ - ნათქვამია მიმართვაში.