საია არ მიესალმება სასამართლოს აპელირებას იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ ნიკა გვარამიასა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა.
„საია არ მიესალმება იმას, რასაც გუშინ საქალაქო სასამართლოს მხრიდან ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მთელი დღე ხდებოდა იმაზე აპელირება, თითქოს სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ გვარამიას და მერაბიშვილის სატელეფონო საუბრის მოსმენაზე სანქცია. როგორც კონკრეტული დადგენილებით გამოვლინდა, კონკრეტულ ნომერზე იყო სანქცია გაცემული, შესაბამისად ვინც იმ ნომერზე დარეკავდა, სამართალდამცავებს ყველას მოსმენის შესაძლებლიბა ჰქონდათ. ამიტომ ვფიქრობთ, სასამართლო ასე არ უნდა იქცეოდეს" - განაცხადა კოჟორიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა რეაგირება უნდა მოხდეს გავრცელებულ ინფორმაციაზე მოსამართლის თანამშემწეზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს საკითხი სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ.