პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ „უკანონო ბრძანებებს“ არ დაემორჩილონ, რაც უკიდურესად სახიფათო მოწოდებაა.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ხანებში, პრეზიდენტის მხრიდან შემაშფოთებელი განცხადებები კეთდება.
„პრეზიდენტის მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ სამართალმდაცავები არ უნდა დაემორჩილონ, სააკაშვილის ენით რომ ვთქვა „უკანონო ბრძანებას“, რაც უკიდურესად სახიფათო მოწოდებაა, რადგან ჩვენ გვახსოვს, როცა ოპოზიციონერები ვიყავით, მიტინგზე ყოველგვარი ძალაუფლებების გარეშე, ადამიანები ამ თემაზე ვსაუბრობით, საზოგადოებისა და მედიის სრულიად სამართლიანი შენიშვნა იყო, რომ სახიფათო მოწოდება კეთდებოდა. ოპოზიციონერებს არანაირი ძალა არ გვქონდა, განსხვავებით პრეზიდენტისგან, რომელიც ამ განცხადების გაკეთების უფლებას თავს აძლებს და მისი განცხადება უპასუხისმგებლობაზე მეტია. სანამ პრეზიდენტია, მან მსგავსი განცხადებებისა და ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოს“, - აცხადებს სპიკერი.
ამასთან, დავით უსუფაშვილმა ოპონენტებს მორალისტური პოზიციებიდან საუბარიც დაუწუნა.
„რაც შეეხება იმას, თუ რას გაუმკლავდება პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ კანონს ვემსახურებით და არა იმას, თუ ვის შეეხო ესა თუ ის პრობლემა. მორალისტული პოზიციებიდან საუბარი უადგილოა. ჩვენი ვალია მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ, მაგრამ მორალისტული გადმოსახედიდან საუბარს იმ ადამიანებიდან ვერ მივიღებთ, რომლებიც ახერხებენ იმ სხდომათა დარბაზში ისხდნენ, სადაც ვალერი გელაშვილი ზის, რომელიც სცემეს და მას პარლამენტმა სტატუსიც კი, შეუჩერა. მათი მხრიდან მორალური და ზნეობრივი გადმოსახედიდან საუბარს ვერ მივიღებთ. როგორც პარლამენტს შეეფერება ისე მოვიქცევით“, - დასძინა სპიკერმა.