კუბლაშვილი: მოსამართლის თანაშემწე, რომელზეც სპეცსამსახურები ზეწოლას ახორციელებდნენ, ია ბარამიძეა

კუბლაშვილი: მოსამართლის თანაშემწე, რომელზეც სპეცსამსახურები ზეწოლას ახორციელებდნენ, ია ბარამიძეა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლის იმ თანაშემწის ვინაობა დაასახელა, რომელზეც ზეწოლა განხორციელდა.

როგორც კუბლაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, რომელზეც სპეცსამსახურები სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ, ია ბარამიძეა.

ამასთან, როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, დღეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ერთად პირადად შეხვდა ია ბარამიძეს და სასამართლოს ღირსების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„მას მხარდაჭერა აღვუთქვი, რათა გარანტირებული იყოს მისი ღირსება და უსაფრთხოება. დიდი მადლობა გადავუხადე სასამართლოს ღირსების დაცვისთვის" - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მასალები  პირადად მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიაწოდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მომხდართან დაკავშირებით  გამოძიების  დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.